Thumbnail
  • მილუოკი 90:119 კლივლენდი
  • ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 42 წუთი გაატარა

მილუოკი ბაქსის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და არაერთი პირადი რეკორდი დაამყარა. ეს კლივლენდ კავალიერსთან შეხვედრაში მოხდა, რომელიც ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა შინ 90:119 წააგო, თუმცა, 22 წლის ქართველ მძიმე ფორვარდს ეს თამაში მაინც დიდი ხანი ემახსოვრება.

სანდრო მამუკელაშვილი კევინ ლავის წინააღმდეგ

საქმე ის გახლავთ, რომ ბაქსში არსებული საკადრო პრობლემების გამო, მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და თითქმის შეუცვლელად – 42 წუთს ითამაშა. ამ დროში სანდროს მონაგარი 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს NBA-ში ამდენ ხანს არასდროს უთამაშია, რეკორდი ჰქონდა ქულებსა და ჩაგდებულ სამქულიანებში და თამაშიდან 13-ჯერაც არასდროს უსროლია. ის, რომ სანდრო ასე დატვირთეს, მილუოკის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობდა: კოვიდთანა და ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბაქსის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა მხოლოდ 8 ჯანმრთელი მოთამაშის შეკრება მოახერხა.

ქართველი კალათბურთელისა და რიკი რუბიოს ორთაბრძოლა

კავალიერსთან ვერ ითამაშეს იანის ანტეტოკუნმპომ, დონტე დივინჩენცომ, ვესლი მეტიუზმა, ბობი ბორტისმა, კრის მიდლტონმა, გრეისონ ალენმა და ჯრუ ჰოლიდეიმ. დარჩენილთაგან მამუკელაშვილი მხოლოდ კიდევ ერთ ახალბედა ჯორდან ნვორას ჩამორჩა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, სასტარტო ცენტრმა დემარკუს კაზინსმა კი ორმაგი დუბლი (12 ქულა, 12 მოხსნა) მიითვალა.

მილუოკი ბაქსმა 19 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 24 დეკემბრის დილას ისევ შინ ჰიუსტონ როკეტსთან ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ მამუკელაშვილის გუნდი ამ თამაშსაც შესუსტებული შემადგენლობით შეხვდება თუ არ ჩავთვლით მიდლტონს, რომელიც გამოჯანმრთელების გზას ადგას და დიდი ალბათობით, ტექსასელებთან მატჩისთვის მზად იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები