Thumbnail
  • დავით მუჯირმა სათამაშო ბიზნესისთვის დაანონსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა
  • სფფ-ის გენერალური მდივნის თქმით, სპონსორების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" ისაუბრა, თუ რა შედეგს მოიტანს სპორტისთვის სათამაშო ბიზნესისთვის დაანონსებული შეზღუდვების დაწესება.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი):

ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ როგორ დარეგულირდება სათამაშო ბიზნესი საქართველოში. პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით ფეხბურთის სფეროში რეგულაციები აქამდეც გვქონდა და უმნიშვნელოვანესია, ეს რეგულაციები სპორტში არსებულ მოთხოვნებს მივუსადაგოთ. სამეზობლოს ან ევროპულ ლიგებს თუ გადავხედავთ, ჩვენი ფედერაცია ერთადერთი ნამდვილად არაა, რომელიც სპორტში გემბლინგის არსებობით განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ინგლისის პრემიერლიგა ბეთ-კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით პირველ ადგილზეა და მათი ამ სპორტში ჩართულობით ფეხბურთი ძლიერდება.

მოსალოდნელი რეგულაციების შედეგად, შესაძლებელია, რომ გემბლინგის კომპანიების სპორტში ჩადებული ინვესტიციები შემცირდეს, ან სულაც გაუქმდეს. ეს სრულად გასაგებია, რადგან კომპანიებს გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე, შეიძლება, მარკეტინგული ბიუჯეტი შეუმცირდეთ ან ნულამდე დაუვიდეთ. სულ ამას ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილია, ისეთი რეკომენდაციები და რეგულაციები შემუშავდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს სპორტში დარჩენის სურვილი და ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მას შემდეგ, რაც რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, განხილვებში ჩართულები აქტიურად ვიყავით. ჩვენ საკუთარი მოსაზრებები წარმოვადგინეთ, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სპორტისთვის ამ რეგულაციების დაწესებამ. პარტნიორების მოზიდვამ დააყენა ის შედეგი, რომ ფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს ვამცირებდით სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დაფინანსებას და 2021 წელს გავხდით ის ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსაგან არაფერს იღებს, 7 მილიონი 0-მდე დავიყვანეთ და პირიქით, ბიუჯეტში ფულს ვიხდით და ძალიან არ მინდა, რომ წარსულში დავბრუნდეთ.

თუ რაღაცები შეიცვალა?! არ მინდა, ცუდზე ვიფიქრო, პარტნიორობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. აქამდე პარტნიორობის გაზრდასა და განვითარებაზე ვზრუნავდით, ქალთა ლიგის სახელის გაყიდვაზე გვქონდა მოლაპარაკებები, ფუტსალის ლიგის პროგრესზე მიდიოდა მუშაობა. ახლახან, უკრაინის ნაკრების მთავარი სპონსორი გემბლინგ-კომპანია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები და წინაღობები იქაც არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენც გვინდა, რომ რეგულაციებმა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები მოაგვაროს, თუმცა გვსურს, რომ რეგულაციებმა სპორტის სფეროში პარტნიორები არც ნაწილობრივ და არც სრულად არ დაგვაკარგვინოს." 

20 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მერიოტში "საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია" ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც მოსალოდნელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე იმსჯელებენ. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცება შეუძლებელს გახდის აზარტული თამაშების კომპანიებისთვის სპორტში შემდგომ ინვესტირებას, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოში სპორტის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.

კომენტარები

ბოლო ამბები