Thumbnail
  • ქართველ კალათბურთელს ორმხრივ კონტრაქტთან დაკავშირებული შეზღუდვა მოეხსნა
  • სანდრო მამუკელაშვილს უფლება ექნება, ლიგაში 50-ზე მეტი მატჩი ჩაატაროს

NBA-მ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ განაცხადება გაავრცელა, რომლებიც კოვიდ-სიტუაციის გართულებით არის გამოწვეული და კარგი ამბავი უნდა იყოს მილუოკი ბაქსის ქართველი კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილისთვის.

სანდრო მამუკელაშვილი კლივლენდთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ლიგის მოქმედ ჩემპიონებთან ე.წ. ორმხრივი კონტრაქტი (Two-way contract) გააფორმა, რას მას უფლებას აძლევდა სეზონის განმავლობაში მხოლოდ 50 მატჩში მიეღო მონაწილეობა.

ახლა, ეს შეზღუდვა მოხსნილია და სანდრო მილუოკის მაისურით იმდენჯერ გამოჩნდება, რამდენჯერაც გუნდის სამწვრთნელო შტაბი საჭიროდ ჩათვლის. ცნობისთვის, მამუკელაშვილს მილუოკის რიგებში უკვე 17 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო თამაში (კავალიერსთან) კი სულაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მისთვის სარეკორდო 42 წუთში 17 ქულა ჩააგდო.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ კოვიდის მზარდი შემთხვევების გამო, NBA-ს კლუბებს უფლება მიეცათ ინფიცირებული კალათბურთელების სანაცვლოდ სხვა მოთამაშეები აიყვანონ. ეს ძალიან შეეშველება იმავე ბაქსს, რომლის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა კლივლენდთან მატჩისთვის მხოლოდ 8 ჯანმრთელი მოთამაშის შეკრება მოახერხა. ეს წესი ძალაში დღეიდან შევიდა და 19 იანვრამდე იმუშავებს.

მილუოკის რეგულარული სეზონის ბოლო 4 მატჩიდან 3 აქვს წაგებული, მომდევნო შეხვედრას კი 24 დეკემბრის დილას ჰიუსტონთან ჩაატარებს. რაც შეეხება მამუკელაშვილს, მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 11.6 წუთი, 3.6 ქულა, 2.3 მოხსნა, თამაშიდან ჩაგდებული ბურთები (44.4%), სამქულიანები (40.7%).

კომენტარები

ბოლო ამბები