- თითქმის ყველა კატეგორიაში ქართული რეკორდი ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის
- გამონაკლისი მხოლოდ ორია: სამქულიანები და დაფარებები
- კარგი ამბავი მამუკელაშვილისთვის - NBA-მ ახალი წესები დაამტკიცა
სანდრო მამუკელაშვილს კლივლენდ კავალიერსთან NBA-ში საუკეთესო მატჩი ჰქონდა - მან 17 ქულა მოუტანა ჩემპიონი მილუოკი ბაქსს. 22 წლის ქართველი ფორვარდისთვის ეს მხოლოდ მე-17 მატჩი იყო მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში. სანდრომ 42:15 წუთი ითამაშა, რაც ასევე კარიერის მიღწევაა მისთვის. მამუკელაშვილმა კარიერის სხვა რეკორდებიც დაამყარა ამ მატჩში: 4 სამქულიანი ჩააგდო და თამაშიდან 6 სროლა ჩააგდო.
სანდრო მამუკელაშვილის რეკორდები NBA-ში
წუთები: 42.15
ქულები: 17
მოხსნები: 10
პასები: 3
დაფარებები: 2
ჩაჭრები: 1
სამქულიანები: 4
კლივლენდთან მატჩში სანდრომ 4 სამქულიანი ჩააგდო, რაც არა მარტო მისი რეკორდია, არამედ, ქართულიც - მან ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და გოგა ბითაძის ქართული რეკორდი მოხსნა (ერთი სამქულიანით მეტი ჩააგდო).
ქართული რეკორდები NBA-ში
წუთები: 54 - ზაზა ფაჩულია (2012)
ქულები: 27 - ზაზა ფაჩულია (2007)
მოხსნები: 21 - ზაზა ფაჩულია (2015)
პასები: 10 - ზაზა ფაჩულია (2014)
ჩაჭრები: 5 - ზაზა ფაჩულია (2016)
დაფარებები: 7 - ვლადიმერ სტეფანია (2001)
მოხსნები შეტევაში: 18 - ზაზა ფაჩულია (2015)
მოხსნები დაცვაში: 16 - ზაზა ფაჩულია (2015)
სამქულიანები: 4 - სანდრო მამუკელაშვილი (2021)
როგორც ხედავთ, თითქმის ყველა ძირითადი კატეგორიის ქართული რეკორდი ზაზა ფაჩულიას საკუთრებაა. მხოლოდ თითო ეკუთვნით ვლადიმერ სტეფანიასა და სანდრო მამუკელაშვილს. სტეფანიას 7 დაფარება ყველაზე ძველი ქართული რეკორდია, ის 20 წელია, რაც ვერავინ მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძის რეკორდი ქულებში 14-ია, ინდიანას ქართველ ცენტრს NBA-ში სანდროზე ზუსტად 100 თამაშით მეტი აქვს ნათამაშები - 117. ნიკოლოზ ცქიტიშვილის მიღწევა ქულებში 17-ია, მან ეს სადებიუტო 2002/03 წლების სეზონში შეძლო.
შეგახსენებთ, რომ NBA-ში სულ 6-მა ქართველმა ითამაშა: ვლადიმერ სტეფანიამ, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, ზაზა ფაჩულიამ, თორნიკე შენგელიამ, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა. ვიქტორ სანიკიძე NBA-ის დრაფტზე აირჩიეს, მაგრამ ასოციაციაში მას არ უთამაშია.
კომენტარები