Thumbnail

ყაზანის რუბინის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისის პრემიერლიგაში ტრანსფერზე ბოლო დღეებში, როგორც ბრიტანული, ისე რუსული მედია, ხშირად წერს. სახელდება ევერტონის, ვესტ ჰემისა და საუთჰემპტონის ვარიანტები.

რუსულ მედიაში ისიც დაწერეს, რომ ევერტონი ფავორიტია. ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელობასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს, რომლის რეკომენდაციით ევერტონის მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დაინიშნა და ვარაუდობენ, რომ ხვიჩას ტრანსფერში წვლილი შეიძლება სწორედ მან შეიტანოს. ამასთან, რუსებმა დაასახელეს ტოპ 5 ფეხბურთელი, რომელთა რუსეთიდან წასვლა იანვარში მოსალოდნელია, ერთ-ერთი კვარაცხელიაა.

"რუბინის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დიდი ხანია, რუსული სატრანსფერო ბაზრის უგემრიელეს კერძად მიიჩნევა. ჭორების თანახმად, მასზე თითქმის ყველა ევროპული სუპერკლუბი ნადირობს, მაგრამ რეალური შეთავაზებები მაგალითად, ბარსელონასგან ან იუვენტუსისგან ჯერ არ მიუღიათ. თუმცა, ამ ზამთარს ხვიჩა შეიძლება რუსეთიდან წავიდეს. ბრიტანეთში წერენ პრემიერლიგის მინიმუმ სამი კლუბის - ევერტონის, ვესტ ჰემისა და საუთჰემპტონის არსებულ ინტერესზე. მეტიც, ითვლება, რომ ტრანსფერთან ყველაზე ახლოს ევერტონია. ფაქტია, რომ ლივერპულურ კლუბთან ძალიან ახლოსაა რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი, რომელიც ამ ტრანსფერს ხელს მარტივად შეუწყობდა", - წერს რუსული მედია.

ევერტონს ხვიჩასთვის ბრძოლაში ფავორიტად ასახელებენ

კვარაცხელიას გარდა, გამოცემის ვარაუდით იანვარში რუსეთიდან შესაძლოა წავიდნენ სერდარ აზმუნი (ზენიტი), სამუელ ჟიგო (სპარტაკი), არსენ ზახარიანი (დინამო) და დუგლას სანტოსი (ზენიტი).

კვარაცხელიას რუბინთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt მას 18 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა ყაზანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სამაგიეროდ, ხვიჩამ საქართველოსა და შვედეთის ნაკრებთა მატჩში გაიბრწყინა და ლოგიკურია, რომ ევროპული კლუბების ინტერესი არ განელებულა. შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები