Thumbnail

'ახალი კლუბის პოვნაც გაუჭირდება' - რას წერს ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გიორგი ჩაკვეტაძეს კარიერაში კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლო დროს გენტის განაცხადში საერთოდ ვეღარ ხვდება და აშკარაა, რომ ბელგიური გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი მას საერთოდ აღარ ენდობა.

გიორგი 7 ნოემბრის შემდეგ ერთადერთხელ იყო სამატჩო განაცხადში, კონფერენსლიგაზე ესტონურ ფლორასთან, როცა მოედანზე 70 წუთი გაატარა. დანარჩენ შემთხვევაში თამაშის შანსი არ მისცემია, მათ შორის ბელგიის ჟუპილერ ლიგის ბოლო 6 მატჩში. ცნობილმა ბელგიურმა ვებგვერდმა voetbalnieuws-მა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად ჩანს მოვლენების ის ევოლუცია, რაც მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძის გარშემო მოხდა. აი, რას წერენ ბელგიელები:

"სეზონის კარგად დაწყების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე გენტის შემადგენლობიდან გაქრა. ჰეინ ვანჰეზებრუკი უარს ამბობს 22 წლის ტოპტალანტის გამოყენებაზე. მიმდინარე სეზონში, როგორც იქნა, გიორგი სწორ გზაზე იყო, რომ ძველებურად ათამაშებულიყო. ელეგანტური და ტექნიკური შემტევი ნახევარმცველი უკვე 4 წელია ბელგიის ჩემპიონატში ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა, მაგრამ სხვადასხვა და ხანგრძლივმა ტრავმებმა მას სრული პოტენციალის ჩვენებაში ხელი შეუშალა. თუმცა, ამ სეზონში ‘ჩაკს’ შეეძლო თავისი კვალი დაეტოვებინა გენტში, მიმდინარე სეზონი მისთვის ახლებურად დაიწყო.

ვანჰეზებრუკი ქართველს ეტაპობრივად ათამაშებდა, რაც ტრავმისადმი მიდრეკილი სტატუსიდან გამომდინარე მისი რეაბილიტაციის სწორი გზა იყო. ჩაკვეტაძემ სეზონში პირველად მეხელენთან ითამაშა 21 წუთი და ეს ცალსახად საკმარისი გამოდგა მისი დიდი კლასის დემონსტრირებისთვის: "მას ისევ შეუძლია კარგად თამაში", - თქვა გენტის მწვრთნელმა მატჩის შემდეგ. არ გასულა დიდი დრო, როცა ვანჰეზბრუკმა ის ძირითად შემადგენლობაში დაყენებით დააჯილდოვა.

ასე იყო ანდერლეხტთან მატჩში, ასევე სერკლ ბრიუგესთან და შემდეგ ჩაკვეტაძე გენტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახდა. "თავის სტანდარტს მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ მიაღწია", - თქვა ვანჰეზებრუკმა ბრიუგესთან თამაშის მერე და აღიარა, რომ ქართველი ფეხბურთელი იზრდებოდა, - "გიორგის ჩემს გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს, მისი დონე კვლავ ამაღლდება, ფიზიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც კიდევ უფრო მეტი სვლის საშუალებას მისცემს".

ეს პერსპექტიული სიგნალები სერიოზულ სტიმულს ნიშნავდა ჩაკვეტაძისთვის და გენტისთვის. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაჟიმ უარი თქვა ტოტენჰემის სატრანსფერო შეთავაზებაზე: "ამ ზაფხულს გიორგიში 15 მილიონიც რომ გადაგვიხადონ, არ გავუშვებთ. ჩვენი განზრახვაა, რომ ის გენტში კიდევ ერთი ან ორი წელი შევინარჩუნოთ", - თქვა ბელგიელთა სპორტულმა დირექტორმა 2018 წელს.

გიორგიმ ბოლოს 9 დეკემბერს, ფლორასთან ითამაშა

მაგრამ, სეზონის სტარტზე რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს რეგრესი დაეწყო. ვანჰეზებრუკი სულ უფრო ხშირად ტოვებდა თავის 10 ნომერს განაცხადს მიღმა, რის შედეგადაც ჩაკვეტაძე შემადგენლობიდან გაქრა. გენტის ბოლო 6 მატჩში ბელგიის ჩემპიონატის ეგიდით ის ერთხელაც არ ყოფილა განაცხადში და ეს ძალიან შემაშფოთებელია.

"თუ გიორგი შემადგენლობაში არაა, ეს მხოლოდ მისი ბრალია", - თქვა ვანჰეზებრუკმა დეკემბრის დასაწყისში ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. "ჩაკვეტაძეს აქვს ის თვისებები, რომ ყოველთვის განაცხადში იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ის საქართველოშიც უდიდეს ტალანტად მიიჩნევა, მაგრამ არც იქ უთამაშია. იქაც ძალიან ცოტას ვარჯიშობდა და შემდეგ თუ აქ ბრუნდები და ისევ არაფერს აკეთებ, პრობლემებს თავად იქმნი", - თქვა ბელგიელმა მწვრთნელმა ნოემბერში.

ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ჩაკვეტაძე დიდი სამუშაო ეთიკით არ გამოირჩეოდა, რაც არ მოეწონა გენტის თავკაცს. "ზოგჯერ თითქმის არაფერს აკეთებდა და თუ გენტში არაფერს გააკეთებ, ვწუხვარ, მაგრამ საკუთარ თავს პრობლემებს თავად უქმნი", - ესეც ვანჰეზებრუკის სიტყვებია, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩაკვეტაძეს ‘რესტარტი’ უნდა გაეკეთებინა, თუ თავისი ნიჭის წარმოჩენა ისევ სურდა.

15 მატჩი, 1 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 წითელი ბარათი - გიორგის სეზონის სტატისტიკა

ამბობენ, რომ ჩაკვეტაძე გენტში ბოლო კვირეებს ატარებს, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელი კლუბია მზად მის გადასაბირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძეს ვარსკვლავის პოტენციალი აქვს, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის ნაკლებობა დიდი მინუსია დაინტერესებული კლუბებისთვის. ამიტომ, რთული იქნება ახალი კლუბის პოვნა და ძალიან დიდი განსხვავებაა 2017 წლისგან, როცა ევროპული ტოპკლუბების რიგი ედგა. მაშინ ლევერკუზენი, ბაიერნი, ტოტენჰემი, ბორნმუთი და ჰოფენჰაიმი იყვნენ დაინტერესებული, მანჩესტერ იუნაიტედმა კი 6 მილიონ ევროიანი შეთავაზებაც გააკეთა. თუმცა, მისი ყიდვა მაინც გენტმა მოახერხა, რადგან დინამო თბილისთან შეთანხმებული იყო", - ასე მთავრდება ბელგიური გამოცემის სტატია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით ყველა ტურნირზე 15-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები