Thumbnail

დარჩეს თუ წავიდეს? რას ფიქრობენ გენტის ფანები ჩაკვეტაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიურმა voetbalnieuws-მა გენტის ქართველ ლეგიონერ გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა. გიორგის ჟუპილერ ლიგის კლუბში საუკეთესო დროება ნამდვილად არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა აღარ აწუხებს, გუნდის თავკაცი ჰეინ ვანჰეზებრუკი პრაქტიკულად არ ათამაშებს (ბოლო ორი თვის განმავლობაში 2 მატჩი ითამაშა), ბელგიური მედია კი მის გენტიდან წასვლას წინასწარმეტყველებს.

voetbalnieuws-ის აზრით, ქართველ ფეხბურთელს ახალი გუნდის პოვნაც გაუჭირდება: "ამბობენ, რომ ჩაკვეტაძე გენტში ბოლო კვირეებს ატარებს, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელი კლუბია მზად მის გადასაბირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძეს ვარსკვლავის პოტენციალი აქვს, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის ნაკლებობა დიდი მინუსია დაინტერესებული კლუბებისთვის. ამიტომ, რთული იქნება ახალი კლუბის პოვნა და ძალიან დიდი განსხვავებაა 2017 წლისგან, როცა ევროპული ტოპკლუბების რიგი ედგა", - წერს ბელგიური გამოცემა.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტში: 81 თამაში - 8 გოლი, 19 საგოლე პასი

ამავე გამოცემამ აზრი გენტის ფანებსაც ჰკითხა. როგორ ფიქრობენ ისინი, უნდა დარჩეს თუ არა ჩაკვეტაძე გენტში. სტატიის პათოსისგან განსხვავებით, 600-ზე მეტი ადამიანის პასუხი არაერთგვაროვანია - ფანების 44% მიიჩნევს, რომ გიორგი გენტს ისევ სჭირდება და ის უნდა დარჩეს. 47%-ის აზრით, ქართველი ფეხბურთელისთვის წასვლის დროა. 9%-ს უჭირს პასუხის გაცემა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით ყველა ტურნირზე 15-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. გენტის მაისურით ოფიციალურ მატჩებში ჩაკვეტაძემ 81 მატჩი ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა. ჯამში მან 4 214 წუთი ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები