Thumbnail

კრივში ყველაზე მეტადაღარ დარტყმამიზიდავს. დარეტიანებული მეტოქე ძირისკენ რომ გაქანდება და ფეხზე დარჩენილი მოქნეულ მუშტს ჰაერში გააჩერებს, ადამიანობის ამბავი მგონია ეგ.

პირველი და მსოფლიოს ყველაზე დიდი ეგეთიაღარ დარტყმაბიძაჩემმა, თენგო ფალავანდიშვილმა დამანახა, ალის და ფორმანის ცნობილ ორთაბრძოლას რომ ვუყურებდით: ნახე, როგორ აღარ დაარტყაო.

ბავშვი ვიყავი, მაგრამ ის მომენტი დღემდე თვალწინ მიდგას: თენგოს და ბადიდას (ასე ვეძახით მე და ჩემი ძმა მამიდაჩემს) საბურთალოს სახლის გაცრეცილი პარკეტი, პატარა ტელევიზორი, ტახტზე მიწოლილი, ბიჭივით თხელი და მოქნილი ბიძაჩემი და წლების წინ, ზაირში, ოფლით გაჟღენთილი რინგის ფსკერისკენ შავი ზვავივით წასული ვეება კაცი.

როდესაც ვფიქრობ, ვხვდები - ამაღარ დარტყმასალის და ფორმანის გარეშე, ადრე თუ გვიან, თავადაც შევამჩნევდი. კრივიც არ არის საჭირო, ეგ სურათი, უფრო კი შეგრძნება კაცებთან ასაკს მოაქვს, მაგრამ თენგომ ეგაღარ დარტყმალამის ბავშვობაში დამანახა და ახლა უკვე ვიცი, ალის ჰაერში გაყინული მუშტი კიდევ უფრო ადრე რომ აეხსნათ ჩემთვის, ჩემს წარსულს რამდენიმე სამარცხვინო ლაქა არ დაედებოდა.

...და მგონია, რომ ჯორჯ ფორმანის ცხოვრებაც ეგრე გაიყო ორად - ალიმდე და ალის მერე. ზაირისაღარ დარტყმამდეახალგაზრდა ფორმანი ხომ თავადაც დაუნანებლად უქნევდა გაბანგულ მოწინააღმდეგეებს კალათივით მუშტებს.

პირველად 1968 წელს, მექსიკის ოლიმპიური თამაშების ფინალში საბჭოთა მოკრივე იონის ჩიპულისი გასისხლა, მერე კი მისი სისხლით მოთხვრილმა, ამერიკის ციცქნა დროშით ხელში, ახალგაზრდული ქედმაღლობით წაიცეკვასავით. მაგ კადრებში ჯერ კიდევ ბავშვია, ახლადამოსული რბილი, შავი ულვაშით, მაგრამ უკვე იმ სიშმაგით და დაუნდობლობით იქნევს მუშტებს, რითაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმეხელიან მოკრივედ შემორჩება კრივის ისტორიას.

პროფესიონალებში მინდა გადასვლა, მერე კი მწვერვალზე უნდა ავიდეო, ამბობს ძველ ინტერვიუში. მწვერვალი რაღააო - ეკითხებიან ჟურნალისტები. მსოფლიოს ჩემპიონობა მძიმეწონოსან მოკრივეთა შორისო, პასუხობს ჯორჯი და ამ დროს მისი ღიმილი თან ბავშვურია და თან - აღარ.

ანადგურებდაანაცამტვერებდაზუსტად ის სიტყვებია, რასაც ფორმანი უკეთებდა საკუთარ მოწინააღმდეგეებს.

1973 წელს, როდესაც ჯო ფრეიზერს დაუპირისპირდა, ჯორჯს 37 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა და მასთან რინგზე გასული მოკრივეებიდან მხოლოდ სამი გამოსულიყო უკან თავისი ფეხით.

ფრეიზერს მსოფლიოს ჩემპიონობა სულ ცოტა ხნის წინ მოეგო. მარცხენით დააგდო მუჰამედ ალი, მერე კი ფეხზეწამომდგარს, მარჯვენით ანიშნა, აქ, რინგის შუაგულში მოდი და წინ დამიდექი, რომ კარგად განახო, ვინ ვარო. ჯო საშიში კაცი იყო, პირველად მეშინოდა ცხოვრებაშიო - იხსენებს ფორმანი.

ბრძოლა იამაიკაში გაიმართა და რაც იქ მოხდა, არავინ მოელოდა. ფორმანმა ორ რაუნდში ექვსჯერ დააგდო ფრეიზერი (ერთხელ კი უკვე გაბრუებულს და ზურგით მიბრუნებულს კეფაში დაარტყა მუშტი), თან ისე, რომ ერთ-ერთი წამოდგომისას ფრეიზერმა რამდენიმე წამი საკუთარ კუთხეს ვერ მიაგნო და ჯორჯიც მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა.

ცოტა ხანში ფორმანმა კენ ნორტონისგან დაიცვა ტიტული და ორჯერ ისე მოუქნია თოკებზე მიწოლილ დარეტიანებულ ნორტონს, გეგონება, მოკვლა უნდოდა. ბრძოლის წინ ფორმანს მძიმედ და დაუნდობლად ჩამოწეული, წარბებით დამახინჯებული სახე ყოველთვის ახლოს მიჰქონდა მოწინააღმდეგესთან (ამბობენ, სონი ლისტონს ბაძავდაო), მისი გოლიათური მუშტების ძალა კი კარგად ჩანს მისივე ვარჯიშის ძველი ვიდეოდან, როდესაც ჯორჯის მწვრთნელი დიკ სალდერი მსხალზე მიხუტებულა, ფორმანი კი მსხალს ურტყამს და ცოტა ხანში, ტკივილისგან მხრებში მოხრილი მწვრთნელი ეუბნება, გაჩერდი, აღარ შემიძლიაო.

კინგ-კონგივით უზარმაზარი, პირქუში და ბრაზიანი, გრდემლივით მუშტებით - ფორმანი ალის წინააღმდეგაც ფავორიტად მიიჩნეოდა. და აი, ასეთმა კაცმა, კაცმა, რომელიც არავის და არაფერს ინდობდა რინგზე, პირველად და უკანასკნელად წააგო ისე, რომ ათ დათვლაში ფეხზე ვერ ადგა - ისე, რომ ბოლოაღარ დაარტყესდა ეს მთელმა მსოფლიომ იხილა.

ფორმანი დეპრესიაში ჩავარდა, ალი კი პირად მტრად გადააქცია. ალი ადრე მძულდა, ახლა კი აღარო, თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, მაგრამ ეს წლების მერე იყო. მანამდე კი ჯორჯს ხშირად ესიზმრებოდა ზაირის ბრძოლა და ისევ და ისევ მარცხდებოდა, სიზმარშიც კი ვერ ვუგებდი და ეს მაცოფებდაო, კინო გადაღებაზეც მიაკითხა ალის, ერთხელაც ვიჩხუბოთო! და მართლაც, ლამის იჩხუბეს, ოღონდ იქვე. მერე დონ კინგი გამოჩნდა თავისი აპრეხილი თმებით და ცბიერი თვალებით და უცნაური მატჩი დააანონსა, ფორმანი ხუთ მოკრივესთან იჩხუბებს შეუსვენებლად, სამ რაუნდს თითოსთან და ერთმაც თუ აჯობა, დამარცხებულად კი არ აღიარებს თავს, საერთოდ წავა კრივიდანო. ტორონტოში გამართულ ამ უცნაურ ბრძოლას ალიც ესწრებოდა. პირველ რიგში იჯდა ამაყი და ყვითელკოსტუმიანი და ხმამაღლა დასცინოდა ფორმანს, ჯორჯი რინგზე გავიდა და ისე უღირსად მოიქცა, რომ მისმა გულშემატკივარმაც კი სტვენით გააცილა!  მგონი, ალიმ ისეთი რამე ჩაუმსხვრია, რაც მუშტით არ იმსხვრევა.

ჯორჯი ცუდად იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ან ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო, ან კრივიდან წასულიყო. ამჯერად მან პირველი არჩია და ალისთან დამარცხებიდან თხუთმეტი თვის შემდეგ სიძულვილით ნალესი სახე რონ ლაელს მიუტანა ახლოს. ლაელმა თავი არ დახარა, კრივი ციხეში ესწავლა, სადაც მკვლელობისთვის იჯდა და მუშტიც ისეთი ჰქონდა, კაცს მოკლავდაო. ეგეთი მეორე არ მომხვედრიაო, იხსენებს ფორმანი, ისე მაგრად დამარტყა, ტკივილი არ მიგრძვნია, უბრალოდ, თვალი გავახილე და ძირს ვეგდეო. მეოთხე რაუნდში იყო ეგ, ლაელმა დაგდებულ ჯორჯს საშინელი ძალის მუშტი მიაყოლა, მაგრამ ააცილა. ეგ რაუნდი მსოფლიო კრივის ისტორიაში შევა. ჯორჯი წამოდგა და რამდენიმე წამში ლაელი დააწვინა, მაგრამ ახლა ის წამოდგა და ისე დააგდო ჯორჯი, რომ ფორმანი, მგონი, რაუნდის ბოლომ იხსნა ნოკდაუნით მეორე დამარცხებისგან.

ფორმანმამოხუცივით აითრია წელი”, რინგზე შავად დატოვა დორბლის თუ სისხლის კვალი და საკუთარი კუთხისკენწალასლასდადა როგორი ზუსტია ეს ბრჭყალებში ჩასმული ქართული სიტყვები იმის დასანახად, თუ როგორ დგება და მიდის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოკრივე თოკებით მოღობილ კუთხეში გამოდგმული ერთადერთი იმედისკენ - ციცქნა, უზურგო სკამისკენ.

მეხუთე რაუნდში ლაელმა ორჯერ გააბრუა დასვენებული ჯორჯი. უყურებ და არ გჯერა, როგორ შეიძლება, ადამიანმა გაუძლოს იმას, რასაც ფორმანმა გაუძლო და ფეხზე დარჩეს. დარჩა და ახლა თვითონ დააგდო ლაელი, თანაც ისე, რომ მაყურებელმა ყვირილი დაიწყო, ბრძოლა გააჩერეთო! ლაელმა წამოდგომა სცადა და გულაღმა გაიშოტა რინგზე.

ორივე ამ საოცარ რაუნდს ერთი რამე აქვს საერთო: იწყება კრივით - დაცვა, პოზიცია, აფარებული მუშტები - მეორე წამს კი რაღაცა მოხდება და უცებ, მოკრივეების ნაცვლად, ორი უზარმაზარი და დაღლილობისგან გამოცარიელებული კაცი შეგრჩება ხელში - გაშმაგებით კი არა, სასოწარკვეთით რომ უქნევენ ერთმანეთს ფუთიან მუშტებს. ძალა და ნებისყოფა, როგორც მაგ ჩხუბის ძველი კომენტატორი ამბობს, მეტი იქ არაფერია!

ფორმანის წინ ხელახლა აიმართა დალაშქრული მწვერვალი, თუმცა 1977 წელს ჯორჯი ქულებით დამარცხდა ჯიმი იანგთან, გასახდელში ყვირილი მორთო, ამ წამს ქრისტე მელაპარაკაო, ყველასთვის მოულოდნელად კრივიდან წავიდა, თმა გადაიპარსა, ძვირიანი ტანისამოსი გაიხადა, მანქანების და ფულის გაჩუქებას მიჰყო ხელი და თავის მშობლიურ ჰიუსტონში, ევანგელისტურ ეკლესიაში დადგა მქადაგებლად. ისიც კი მსმენია, ათი წელი ტელევიზორისთვის აღარ უყურებიაო.

ბევრი გვინახავს ეგრე წასული, დაბრუნდებაო - ამბობდნენ სხვები. მაგრამ წელი წელს მისდევდა, ფორმანი კი არ ბრუნდებოდა. ახალგაზრდების სავარჯიშო ცენტრი გახსნა, ტაძარი ააშენა, წიგნების წერას მიჰყო ხელი და ეკლესიაში მღეროდა, უსმენო და ზორბა.

...და როდესაც მისი სამყარო ისტორიად იქცა, როდესაც ალის უკვე დაეტყო პარკინსონი, რინგზე კი სულ სხვა ვარსკვლავები აკაშკაშდნენ, ჯორჯ ფორმანმა საკუთარი დაბრუნება ამცნო მსოფლიოს, ტაძარი მაქვს გადასახური, ახალგაზრდულ ცენტრსაც უნდა მივხედო და ოჯახშიც მჭირდება ფულიო. 1987 წელი იყო, ფორმანი ოცდათვრამეტის მოყრილიყო.

წადი! წადი! კარგი ცოლი! კარგი სახლი! რაღა უნდა მეტი კაცს სიბერის შესახვედრად?” - აგდებულად ეუბნება აბდულა, ვერეშაგინს, “უდაბნოს თეთრ მზეში.” ეგრე იყო აქაც. რა უნდა ქნას გასუქებულმა, წიგნების წერაზე და გალობაზე გადასულმა ორმოცი წლის თუნდაც უდიდესმა ძველმა მოკრივემ, როდესაც კრივიც უკვე სულ სხვაა და თვითონაცო?! - გაიძახოდნენ ექსპერტები.

ფორმანი მართლაც შეცვლილიყო, თავი გადაეპარსა, ფიცარივით მუცელი ღიპს მოექონა, სახიდან კი მთლიანად წაშლოდა დაუნდობლობა, მარტო მკლავები ჰქონდა ძველებურად დაკუნთული და ვენებით დაბზარული. იმ კადრებმა, როგორ ჩეხავს შეშას მსუქანი და პანამაქუდიანი, მთელი მსოფლიო შემოიარა.

პასუხად ჯორჯი რინგზე გავიდა და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს უკვე მართლაც სულ სხვა, მოცინარი და ხუმარა კაცი (რომელსაც ბრძოლის წინ აღარც სახე მიაქვს მოწინააღმდეგესთან ახლოს, თვალებში კი მრისხანების ნაცვლად მხოლოდ სიმშვიდე და შეუვალობა ჩადგომია და რომელიც აღარასოდეს მოუქნევს დარეტიანებულ მეტოქეს მუშტს) მაინც ძველი ჯორჯ ფორმანია, თავისი არაადამიანური ამტანობით, გრდემლივით მუშტებით და ამ ახალმა ძველმა ფორმანმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო ახალგაზრდა მოკრივეების თოთო ბავშვებივით მიძინება.

მის ახალ გადაწყვეტილებას, დარეტიანებული კაცისთვის მუშტი აღარ მოექნია, მალევე აუღეს ალღო და მუჰამედ ქავიმ თავისებურ ხერხს მიმართა - წაირეტიანებდა თავს და ჯორჯი მუშტებს რომ ჩამოუშვებდა, ქავი ამ დროს მოუქნევდა, მაგრამ ამან ვერ უშველა. კარლოს ჰერნანდესთან ბრძოლის დროს კი ფორმანი თვითონ ეუბნებოდა მსაჯს, შეწყვიტე ორთაბრძოლა, ცუდად არისო. ჰერნანდესი მართლაც მძიმედ იყო დარეტიანებული.

ამასობაში, ჯორჯმა ორმოცს გადააბიჯა და კიდევ უფრო მოიმატა წონაში. მაიკლ იანგთან ორთაბრძოლაში უკვე დიდი ღიპი აქვს და იანგი მოცელილივით რომ წავა მიწისკენ, ჯორჯი დაღლილად კი არა, თითქოს უხალისოდ გასწევს საკუთარი კუთხისკენ.

ძველებური ბრაზით მგონი სულ ერთხელ დაუნაოჭდა შუბლი, როდესაც ხელახლა შეახსენეს, გვიანი ხომ არ არის თქვენი დაბრუნებაო.

კრივი სისხლში მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება! მე ვარ ერთადერთი, ვინც გადაწყვეტს, როდის დავტოვო რინგი, სხვა ამას ვერავინ მიბრძანებს!” - უპასუხა და თეთრი სამყაროს იმედი, ირლანდიურად გამძლე და ხისტმუშტიანი ჯერი კუნი მიაწვინა მეორე რაუნდში.

ხელახლა აესვეტა ის ძველი მწვერვალი. ორმოცდაორი წლის ფორმანი თეთრ ტაისონად წოდებულ ტომი მორისონთან და ევანდერ ჰოლიფილდთან გავიდა რინგზე. ჯორჯი გრიზლივით იყო, დიდი, მძიმე და ყავისფერი, იმათი ზამბარასავით მოქნილი სხეულები კი ახალგაზრდობით სუნთაქვდა. ჰოლიფილდთან ორთაბრძოლის წინ, მოკრივეებს მუჰამედ ალიმ ჩამოართვა ხელი. ალის უკვე ლაპარაკი უჭირდა. ჯორჯი რინგის კუთხეში ისწორებდა ხელთათმანებს. ალიმ რაღაც ჩასჩურჩულა. ჯორჯმა ჩაიცინა - ალბათ ძველი ხუმრობა იყო, მათი უკვე ლეგენდად ქცეული სამყაროდან. ფორმანმა ორივე ორთაბრძოლა წააგო, მაგრამ ვერც ჰოლიფილდმა და ვერ მორისონმა ვერ დაადებინეს მუხლი რინგზე. ჰოლიფილდთან ჯორჯის სახე კოპებს დაუგირჩავს, მორისონთან ჩხუბის შემდეგ კი შავი სათვალე უკეთია, მჭახე შუქი არ სიამოვნებს, მაგრამ ისევ ფეხზე დგას. ძველი სამყაროს ურჩხული იყო, ტლანქი, თუმცაღა, ჯერაც საშიში და ეს უკვე ყველამ იცოდა.

ორმოცდახუთი წლის ისევ არ მიდიოდა კრივიდან. შანსი მომეცემაო. და მიეცა კიდეც, ჰოლიფილდი მაიკელ მურერმა დაამარცხა და მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა, ჯორჯმა მურერს ბრძოლა შესთავაზა, მურერი დათანხმდა, ოცდაექვსი წლის იყო, ჰოლიფილდთვის მოეგო! ჯორჯი კი ისეთი პოპულარული გამხდარიყო, მასთან ჩხუბს ყველაზე მეტი ფული მოჰქონდა.

რის იმედზე ხართო - ეკითხებოდნენ ჯორჯს.

შანსი მომეცემაო - ღიმილით პასუხობდა მქადაგებელი.

ცხრა რაუნდი მურერის იყო. შესვენებებისას ჯორჯი სკამზე არ ჯდებოდა - ვიცოდი, ადგომა გამიჭირდებოდაო, მარცხენა თვალით უკვე თითქმის ვეღარ ხედავდა, მაგრამ როგორც ამბობს, შეამჩნია, რომ მურერი გაუთამამდა. დამარტყამდა და უკან არ იხევდაო, ჰოდა, მეათე რაუნდში, როდესაც მურერი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა, ფორმანმა ახალგაზრდა ჩემპიონი ერთი დარტმით გააწვინა რინგზე. ტყუილად კი არ ამბობს ევანდერ ჰოლიფლდი, ფორმანისნაირად ჩემთვის არავის დაურტყამს, ერთი მომარტყა და მეგონა, კბილები აღარ შემრჩაო! და მურერიც ძირს იწვა, მსაჯთან ერთად კი მგონი, მთელი მსოფლიო ითვლიდა. მურერი რომ ვერ წამოდგა, ჯორჯი რინგის კუთხეში ჩაიმუხლა და ლოცვა დაიწყო. მისი რეკორდი დღემდე განუმეორებელია. ეგეც რომ არ იყოს, ბევრი მოკრივე არ მეგულება, ვინც ჯერ მუჰამედ ალის ეჩხუბა, მერე კი ამბობდა, ტაისონზე მიმიშვითო.

ჯორჯმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა 1997 წელს, შენონ ბრიგსთან გამართა, წააგო და წავიდა.

ახლა ჯორჯ ფორმანი სამოცდათორმეტი წლის მუდამ მომღიმარი კაცია, კეთილი თვალებით. თოთხმეტი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს, კვირა დღეს აუცილებლად ტაძარშია, ყველა მეტოქეს სიყვარულით იხსენებს და გემრიელად ხუმრობს საკუთარ თავზე, მაგრამ როდესაც 2019 წლის ინტერვიუში გულზე დაიდო ხელი და თქვა, მებრძოლი აქედან მოდის და სხვა არაფრიდანო, მერე კი კრივის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მუშტი, არნი შეივერსი გაიხსენა და ხელის გულს თავისი ბებერი მტევნის შავი ფალანგები დაჰკრა, ხმაზე მივხვდი - ამ მუშტს, ჯერ კიდევ ახსოვს, რომ ოდესღაც გრდემლი იყო.

მისი რეკორდი ასეთია: 81 ბრძოლიდან, 76 მოიგო, აქედან 68 ნოკაუტით, მხოლოდ ხუთჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთხელ ნოკაუტით, იმ დიად ჯამბაზთან, რომელმაც აღარ დაარტყა და ჩემი აზრით, სწორედ ამ, ყველაზე დიდიაღარდარტყმიდანდაიბადა სხვანაირად დიდი ჯორჯ ფორმანი.

ლადო კილასონია
რაგბის მწვრთნელი, მწერალი. უყვარს რაგბი, კითხვა, მთაში სიარული და ხინკალი. არ უყვარს თურქული და ვენესუელური სერიალები, თუმცა ქართულ საინფორმაციო გადაცემებს მაინც ურჩევნია. აქვს facebook-გვერდი “ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები”. არ აქვს დეპუტატობის სურვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები