Thumbnail
  • ფინიქს სანსი 107:116 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 115:122 ბრუკლინ ნეტსი
  • იუტა ჯაზი 120:116 დალას მავერიკსი

NBA Christmas Games-ის ტოპ-მატჩში გოლდენ სტეიტმა უმთავრესი კონკურენტი ფინიქს სანსი დაამარცხა, რაც, ისევ და ისევ სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც თავისი X-Mas-რეკორდი დაამყარა. 116:107 მოგებულ შეხვედრაში კარიმ ჯამში 33 ქულა ჩააგდო, რაც ე.წ. საშობაო მატჩების ისტორიაში მისი პირადი რეკორდია.

სტეფ კარის 3000 სამქულიანამდე ერთი აკლია

“სამქულიანების მეფეს” გაცილებით გრანდიოზული შედეგის მიღწევაც შეეძლო, მაგრამ ერთი ზუსტი შორი ტყორცნა დააკლდა და ეს ამბავი ერთი თამაშით გადაიდო - ვგულისხმობთ იმას, რომ 33 წლის სტეფს კარიერაში უკვე 2999 სამქულიანი აქვს ჩაგდებული (ფინიქსთან 5 ჩააგდო). კიდევ ერთი და 3000 სამიანი ექნება! შეგახსენებთ, რომ კარიმ ცოტა ხნის წინ თავისი 2974-ე ზუსტი სამქულიანით რეი ალენის შედეგი გააუმჯობესა.

ამ მოგებით გოლდენ სტეიტმა (27 გამარჯვება, 6 მარცხი) ფინიქსს (26-6) დასავლეთ კონფერენციის ლიდერობა ჩამოართვა.

ლეიკერსის ზედიზედ მე-5 მარცხი

აი, ლოს ანჯელეს ლეიკერსის საქმე კი მძიმედაა: ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო! და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავად ლებრონს ცუდად არ უთამაშია. 115:122 წაგებულ შეხვედრაში ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა 39 ქულის დაგროვება შეძლო (14/25), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო მეოთხედში იყო მომენტი, როცა ლეიკერსი 23 ქულითაც კი აგებდა.

ბრუკლინიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო - მის ანგარიშზე 36 ქულა (10/25), 10 მოხსნა და 10 პასია. გამოსარჩევია პატრიკ მილსიც, რომელმაც 34 ქულა დააგროვა (11/17, აქედან 8/13 სამქულიანი).

34 თამაშის შემდეგ ლეიკერსს 16 მოგება და 18 მარცხი აქვს - ლებრონის გუნდი მე-7 ადგილზეა. ბრუკლინი კი აღმოსავლეთ კონფერენციას 22 გამარჯვებითა და 9 მარცხით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები