Thumbnail

კვიპროსის ჩემპიონატში ნიქოზიურ დერბიში აპოელ-მა ომონია 4:2 დაამარცხა. მატჩს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გურამ კაშია და ნიკა კაჭარავა დაესწრნენ.

კაშია შვებულებას კვიპროსში ატარებს და შემთხვევით ისარგებლა, ქართველი თანაგუნდელების მატჩს კაჭარავასთან ერთად უყურა და სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ აღნიშნავს გიორგი ქვილითაიას გოლს, მის გვერდით კი კაჭარავაა, რომელიც იღიმის.

ხსენებულმა ვიდეომ ანორთოსისის ფან-კლუბის აღშფოთება გამოიწვია. ცხადია, თემურ ქეცბაიას გუნდის ქომაგებს ნამდვილად არ ესიამოვნათ ის ფაქტი, რომ მათი საყვარელი გუნდის ფეხბურთელი მთავარი კონკურენტის გოლს 'ზეიმობდა'. ფანებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს კაჭარავას გუნდიდან გაშვება მოითხოვეს. ქართველმა ფორვარდმა კი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა და ფანებს ბოდიში მოუხადა.

"მინდა, პატარა განცხადება გავაკეთო დღევანდელ ვიდეოსთან დაკავშირებით. საქართველოს ნაკრებში ჩემს თანაგუნდელ და კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად ვიყავი აპოელ-ომონიას მატჩზე და ჩემმა მეგობარმა ვიდეო გადაიღო, რომელშიც ქვილითაიას გოლს აღნიშნავს. მე ამაზე უბრალოდ გამეცინა, რადგან ბავშვივით ზეიმობდა. არასდროს აღვნიშნავ მეტოქეების გოლებს, ყოველთვის პატივს ვცემ ანორთოსისის გულშემატკივრებს და მუდამ ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. ამ ვიდეოს გამო თუ ვინმე განაწყენდა, მინდა, ბოდიში მოგიხადოთ", - დაწერა ნიკამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიას გასულ ზაფხულს ანორთოსისს აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ქართველმა მცველმა კარიერის გაგრძელება ბრატისლავის სლოვანში ამჯობინა. აპოელ-ში გიორგი ქვილითაიას გარდა, კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელია - ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები