Thumbnail

ჩიკაგო ბულსის მთავარ მწვრთნელ ბილი დონოვანს კორონავირუსი აქვს, რის გამოც, გუნდი ინდიანა პეისერსთან მატჩისთვის კრის ფლემინგმა მოამზადა - გერმანიის კალათბურთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს NBA-ში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება პირველად მოუწია და დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. ბულსმა გოგა ბითაძის ინდიანა 113:105 დაამარცხა.

ჩიკაგოს კორონა-პროტოკოლის კარანტინიდან ზაკ ლავინი დაუბრუნდა და ეს უკანასკნელი პირველსავე თამაშში საუკეთესო იყო - ლავინმა 32 ქულა (12/18, 5/9 სამქულიანი) ჩააგდო. 26 წლის მცველი დასვენებული და ძალიან მონდომებული ჩანდა. მისი დამსახურებაა ისიც, რომ მეოთხე მეოთხედში ინდიანამ თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა. მართალია, პეისერსმა ჩამორჩენა ბოლოს -7-მდე შეამცირა, მაგრამ ამას ჩიკაგოელთა 8:2 გაქცევა მოჰყვა, რამაც შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ამ 8 ქულიდან 6 დემარ დეროზანის ანგარიშზეა, რომელმაც ჯამში 24 ქულას (9/18) მოუყარა თავი. ნიკოლა ვუჩევიჩმა (16 ქულა, 15 მოხსნა) ორმაგი დუბლი შეასრულა.

ინდიანა კი კვლავ ძალიან არასტაბილურია - პეისერსს ვერც დომანტას საბონისის (14 ქულა, 16 მოხსნა) დაბრუნებამ უშველა. ყველაზე შედეგიანი კარის ლევერტი გახლდათ 27 ქულითა და 9 პასით. მაილს ტერნერმა 19 ქულა დააგროვა, კრის დუარტემ კი - 16. რაც შეეხება გოგა ბითაძეს: ქართველი ცენტრი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია…

პეისერსი 14 გამარჯვებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, ჩიკაგოსთვის კი ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ და ბულსი 20 მოგებითა და 10 მარცხით იმავე კონფერენციაში მეორე პოზიციაზე იმყოფება - მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩება ლიდერ ბრუკლინს.

კომენტარები

ბოლო ამბები