Thumbnail

ნიკა კაჭარავა ანორთოსისს ტოვებს. როგორც ჩანს, მისმა ბოდიშმა არ გაჭრა, კლუბმა უკვე გამოაცხადა, რომ იწყებს მოლაპარაკებას ფეხბურთელთან კონტრაქტის ურთიერთშეთანხმებით გაწყვეტის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში სკანდალი გამოიწვია ნიკა კაჭარავას რეაქციამ გიორგი ქვილითაიას გოლზე. ქვილითაია ანორთოსისის ერთ-ერთ ყველაზე საძულველი მეტოქის წევრია. კლუბის ფანები გაბრაზდნენ, კაჭარავას რეაქციაზე, როცა ქვილითაიამ გოლი გაიტანა. ამას მოყვა ქართველი ფეხბურთელის განცხადება მომხდარზე, რომელმაც მოუბოდიშა ფანებს. ფანკლუბის დამოკიდებულება ფეხბურთელის მიმართ ამით არ შეცვალა, მათი მოთხოვნა დარჩა უცვლელი - "გაუშვით კლუბიდან". 

დღეს ანორთოსისმა ოფიციალურ გვერდზე შემდეგი განცხადება განათავსა: "კლუბის მენეჯმენტსა და ანორთოსისის ფეხბურთელ ნიკა კაჭარავას შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ფეხბურთელს მიეცა საშუალება აეხსნა პოზიცია კვირას მომხდარ ინციდენტზე. ფეხბურთელმა აღიარა, რომ შეცდა და თავისი საქციელით ანორთოსისის ფანები გაანაწყენა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ფეხბურთელი აღარ ივარჯიშებს გუნდში და იწყება შეთანხმება კლუბსა და მას შორის ურთიერთობის დასრულებაზე". 

აღსანიშნავია, რომ კვიპროსული მედია ინციდენტამდეც ხშირად წერდა, რომ კლუბი კაჭარავასთან ურთიერთობის დასრულებას აპირებდა, რადგან ფეხბურთელმა ვერ გაამართლა. გავიხსენოთ ინციდენტიც თემურ ქეცბაიასთან, შემოდგომით ნიკა გუნდიდან მოკვეთილი იყო მწვრთნელთან კონფლიქტის გამო. ქეცბაიამ შემდეგ ის ანორთოსისში დააბრუნა. 

27 წლის ნიკა კაჭარავა ანორთოსისს სეზონის ბოლომდე ეკუთვნის. ამ სეზონში მან ჩემპიონატსა და კონფერენსლიგაზე ჯამში 13 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ეროვნულ ნაკრებში ნიკას 24 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. "ტრანსფერმარკტი" ცენტრფორვარდს 500 000 ევროდ აფასებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები