Thumbnail

'ერთმანეთს სიმღერით ვამხნევებდით' - ქართველების ასვლა წლის ათეულში მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • Explorersweb-მა 2021 წელი შეაჯამა და გამორჩეული ექსპედიციები ჩამოთვალა
  • ბადრიაშვილმა, გელაშვილმა და ტეფნაძემ ჰინდუ კუშის მთიანეთში ურთულესი გზა გაიარეს

ცნობილმა ვებ-გვერდმა Explorersweb წლის 10 ყველაზე შთამბეჭდავი ექსპედიცია დაასახელა და რჩეულებში ქართველი ალპინისტების მიერ პაკისტანში ჰინდუ კუშის მთიანეთში მოგზაურობაც შეიყვანა. ცნობისთვის, TOP 10-ში მოხვდა ყველანაირი აქტივობა (პოლარული ამბები, ველო, სირბილი, სიარული, თხილამური, ნაოსნობა, ცოცვა, ალპინიზმი, მოკლედ, მოგზაურობის ნებისმიერი სფერო), რაც მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ადამიანებს განუხორციელებიათ, ქართულ ექსპედიციას კი მე-7 ადგილი მიუჩინეს.

“ვის შეეძლო გაერისკა შესულიყო ვახანის დერეფანში, მას მერე, რაც რეგიონი დატოვეს ამერიკულმა ჯარებმა და ის თალიბებმა დაიკავეს? ეს არჩილ ბადრიაშვილმა, ბაქარ გელაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ მოახერხეს. გეოპოლიტიკამ ვერ შეაჩერა 3 ადამიანი საქართველოდან, სადაც სამწუხაროდ, შეიარაღებული კონფლიქტები უცხო თემა ასევე არაა. მათ მიზანში ლეგენდარული ჰინდუ კუშის მწვერვალი სარაგრარი ამოიღეს, რომლის სიახლოვეს არც სახლებია და არც ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილები, Wi-fi არ იჭერს და მოკლედ, ცივილიზაციას ყველანაირად არის მოწყვეტილი.

'ქართული მარშრუტი' სარაგრარზე

“როდესაც ისლამაბადში ჩავედით, გარკვეული დაძაბულობა ვიგრძენით, თუმცა, რეგიონში შესვლის შემდეგ, ვისაც კი შევხვდით, ყველა მეგობრულად გვეპყრობოდა”, - განაცხადეს ქართველებმა შინ დაბრუნების შემდეგ.

რაც შეეხება თავად ასვლას, მის შესახებ ცნობები ძველმოდურად გავრცელდა, როდესაც დამხმარე პერსონალმა საბაზისო ბანაკიდან იმ ადგილამდე მისვლა მოახერხა, სადაც უკვე კავშირგაბმულობა არსებობდა. დეტალები მაინც ნაკლებად ვიცოდით მანამდე, სანამ Explorersweb-ს ინტერვიუ თავად ბადრიაშვილმა არ მისცა. თავიდანვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ქართველების ექსპედიცია წლის საუკეთესო ასვლებს შორის მოხვდებოდა.

“ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც მთებს ვუყურებდი და მათზე ასვლის სურვილი მქონდა... ჰინდუ კუში გამორჩეული ადგილია, სადაც დიდი ხანია არავინ ყოფილიყო. სარაგრარის დალაშქვრა კი მაშინვე მომინდა, როდესაც ამ მწვერვალის ფოტო ვნახე. უზარმაზარი მთებია, ძალიან ციცაბო და ალბათ, ექსტრემალური მთამსვლელების ყურადღებას უფრო იპყრობს. საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომის შემდეგ, იქ აქტივობამ ძალიან იკლო და 1970 წლის მერე, იმავე სარაგრარზე მხოლოდ 2 ასვლა მოვიძიე”, - აღნიშნა ბადრიაშვილმა.

ქართული ექსპედიციის წევრებმა დასახული მიზნის განსახორციელებლად ზაფხულის ბოლო შეარჩიეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ უფრო ცივ ამინდში ციცაბო ფერდობებზე ფეხს უკეთ მოიკიდებდნენ და ქვათაცვენა ხელს ნაკლებად შეუშლიდათ. ალპინისტებმა 3 გზა მონიშნეს, საბოლოოდ კი, ისე გამოვიდა, რომ შერჩეული მარშრუტი ყველაზე რთული გამოდგა, თუმცა, უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. ამ ამბავს ბადრიაშვილი ასე იხსენებს.

“ასვლა ძალიან ინტენსიური და საინტერესო გამოდგა. პირველი ეტაპი საკმაოდ იოლად გავიარეთ, მეორე დღიდან კი მარცხენა ფერდობზე გადავინაცვლეთ და წინსვლა გაჭირდა. ზოგიერთ დღეს მხოლოდ 2-3 თოკის მანძილზე მივდიოდით. ყველაზე რთულ მომენტებში მთამსვლელი, რომელიც დაზღვევაზე იდგა, მეგობარს სიმღერით ამხნევებდა. ეს, ჩვენი, ქართველების ტრადიციაა... ღამის გათევა უმცირეს ფართობზე გვიწევდა, ერთხელ პატარა კარავიც კი ვერ გავშალეთ და გარეთ გავათენეთ”.

ალპინისტებმა ჰინდუ კუშზე საქართველოს დროშაც გაშალეს

მთავარ კედელს თითქოს ბოლო არ უჩანდა, თუმცა, ის 7 130 მ. სიმაღლეზე დასრულდა და მხოლოდ მწვერვალი რჩებოდა, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებდა...

“ძალიან ციცაბო ადგილი იყო, დანი პირივით. საუბარი გვაქვს ჩრდილო-დასავლეთის მხარეზე, რომელიც ბოლოს 1982 წელს კატალონიელების ჯგუფმა დალაშქრა. საბოლოო ბანაკი სწორედ მათი წერტილი გვერდში გავმართეთ. ასვლის დილა ქარიანი იყო და მხედველობაც არ ვარგოდა, თუმცა, მიზანს მაინც მივაღწიეთ. ბოლოს და ბოლოს მწვერვალზე ვიყავით და საოცარი სიხარული დაგვეუფლა. ასვლას 7 დღეში ვგეგმავდით და საბოლოოდ, მხოლოდ 1 დღე გადავაცილეთ. ჩამოსვლა იქივე მარშრუტით გადავწყვიტეთ და ცხადია, ამას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდა”.

ცნობილია, რომ სარაგრარის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად დასაპყრობი მასივია. მასზე ასვლას ისიც ართულებს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით თითქმის ყველა მარშრუტი ერთნაირად მიუდგომელია. სარაგრარის უმაღლესი წერტილი ჰინდუ კუშის მთათა სისტემაში მე-4 ადგილზეა. სამმა ქართველმა მთამსვლელმა 2019 წელს, პაკისტანში წინა ვიზიტისას ნანგა-პარბატი დალაშქრა. გასულ წელს მათ კავკასიის მთიანეთში, მწვერვალ უშბაზე ჩრდილოეთ-დასავლეთის ფერდობზე ახალი რთული მარშრუტიც აღმოაჩინეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები