Thumbnail

'თავში მოვარტყამდი და ღამე მშვიდობისა' - რაიან ჰოლმა ილია თოფურიაზე ილაპარაკა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • რაიან ჰოლმა განაცხადა, რომ ილია თოფურიას დანოკაუტება შეეძლო
  • 'მეტად რომ გამმართლებოდა, თავში მოვარტყამდი და ღამე მშვიდობისა'

ამერიკელმა მებრძოლმა რაიან ჰოლმა The MMA Hour-თან ბოლო გამარჯვებაზე ისაუბრა და თან, ივლისში ილია თოფურიასთან განცდილი მარცხი გაიხსენა. 

"ეს სერიოზული სპორტია. შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო. რა თქმა უნდა, სასიამოვნო ნამდვილად არ გახლდათ, როცა ოდეკოლონის მოძრავმა ქილამ (ილია თოფურია) სახეში მუშტები დამიშინა. დიახ, აქამდე არ მითქვამს, მისტერ თოფურია პარფიუმის დიდი მოყვარულია. აწონვების დროს ისეთი სურნელი ჰქონდა, ეგრევე ვიგრძენი. მოკლედ, ხან იგებ, ხან აგებ. შეიძლება ყველა ის ბრძოლა წამეგო, რომლებშიც გამარჯვება მოვიპოვე," - განაცხადა ჰოლმა. 

მისი თქმით, თოფურიას ნოკაუტში გაგზავნა ფეხის პირველივე დარტყმით უადვილესად შეეძლო: "ძალიან, ძალიან გაუმართლა. ირმის ნუკრივით მოვიქნიე ფეხი და ისეთი დარტყმა დაბლოკა ყბის არეში... უფრო კარგად რომ დამერტყა, ან მეტად გამმართლებოდა, თავში მოვარტყამდი და ღამე მშვიდობისა. თან მისი ის დარტყმები, რომელიც მე მომხვდა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ასევე გამართლება იყო. თვითონ ამას ვერ შეძლებდა, მე გავატარე. მაგრამ მიზანში მოარტყა და მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მას გამარჯვება არ დაუმსახურებია. თოფურია მოგების ღირსი იყო. მაგრამ, მთელი საკუთარი ძალით დარტყმა რომ მოეხერხებინა, ალბათ უფრო ადრე დამამარცხებდა," - დასძინა ამერიკელმა. 


ჰოლმა ილიასთან განცდილი მარცხის შემდეგ პირველი ბრძოლა 11 დეკემბერს დერიკ მინერთან ჩაატარა და 3 რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. თოფურია კი 23 იანვარს, მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები