Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუმინელმა მწვრთნელმა შეკრებაზე 16 ხელბურთელი გამოიძახა
  • ეროვნული გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრებმა შეკრება დაიწყო ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდის მატჩებისთვის, სადაც მეტოქედ ფინეთი ეყოლება.

ქართველი ხელბურთელები პლეი ოფის პირველ შეხვედრას 5 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებენ, 9 იანვარს კი სტუმრად ითამაშებენ. ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე ანუ ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

საქართველოს ეროვნული გუნდის რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო, რომელთაგან 10 ლეგიონერია. წინა მატჩებისგან განსხვავებით, სამი მოთამაშეა შეცვლილი: გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდებიან ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო რატი მსხვილიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონ ვინტერთურის წევრი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება ახალგაზრდა აკაკი პატაშურს, რომელიც ბერძნული არგოსის ღირსებას იცავს. ნაკრებს ასევე შეუერთდა ქუთაისის ხელბურთელი ლექსო წითელიშვილი.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები

ზურაბ ცინცაძე, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე – პრილეპი, ჩრდ. მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე (ვინტერთური, შვეიცარია), გიორგი დიხამინჯია (ლიუბენაუ, გერმანია), ერეკლე არსენაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი (კონსტანცა, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (კოკსი, ფინეთი), აკაკი პატაშური (არგოსი, საბერძნეთი), ირაკლი კბილაშვილი (სუჩავა, რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე, გიგა ტორონჯაძე (ყველა – ბსბ), ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია (ორივე – ქუთაისი).

კომენტარები

ბოლო ამბები