Thumbnail
  • ქართული სპორტის 10 საუკეთესო ტალანტი პოპსპორტის ვერსიით
  • 2022 წელს ისინი უკვე დიდების ასპარეზზე დამკვიდრდებიან

პოპსპორტი უკვე მესამედ გთავაზობთ იმ ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენთა ათეულს, რომელთაც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ახალ, 2022 წელს. პირველად ანალოგიური სტატია 2019 წლის ბოლოს შემოგთავაზეთ. მაშინ ჩვენს სიაში მოხვედრილი სანდრო მამუკელაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი ცხოვრებაძე და სხვები დღეს უკვე ნამდვილი ვარსკვლავები არიან. გაამართლა 2020 წელს შედგენილმა სიამაც, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე, ილია სულამანიძე, ილია თოფურია და სხვები იყვნენ. მაშ ასე: TOP 10 ქართველი სპორტსმენი, რომლებსაც 2022-ში უნდა დავაკვირდეთ:

ირაკლი აზაროვი

⚽ ფეხბურთი. დინამო ბათუმი. 19 წლის

ძალიან ნიჭიერი მარცხენა მცველი დინამო ბათუმთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა და ევროპული კლუბების სამიზნე გახდა. მას ფანტასტიკური 2021 წელი ჰქონდა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელადაც დასახელდა, თუმცა წინ უფრო მეტი საინტერესო ასპარეზი ელის - ერთა ლიგა ნაკრებთან ერთად და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა დინამო ბათუმის რიგებში. ის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, არადა, 20 წლის მხოლოდ თებერვალში ხდება.

ირაკლი აზაროვი

საბა ხვადაგიანი

⚽ ფეხბურთი. დინამო თბილისი. 18 წლის

ასაკის მიუხედავად, დინამო თბილისის შემადგენლობაში დამკვიდრდა (26 თამაში, 1 გოლი). დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებშიც. ვილი სანიოლი მას უკვე ცენტრალური მცველის პოზიციაზე გუნდის კანდიდატთა შორის მოიაზრებს. საბა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ნატალია ოთხმეზური

⛹‍♀ კალათბურთი. იუტას კოლეჯი. 21 წლის

პირველი ქართველი გოგონა NCAA-ის პირველ დივიზიონში - ქართველი მცველი იუტას კოლეჯის წევრია. პანდემიის გამო მას ამერიკაში წასვლაზე სავიზო პრობლემები გაუჩნდა და გუნდს მოგვიანებით შეუერთდა. იუტამდე ის კასპერის კოლეჯის კალათბურთელი იყო. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ნატალია ოთხმეზური საშუალოდ 18.9 ქულას აგროვებდა. 

ნატალია ოთხმეზური

ლუკა ალავიძე

⛹‍♂ კალათბურთი. დინამო. 16 წლის

გამორჩეული გამთამაშებელი - 16-წლამდელთა ნაკრებში ის საშუალოდ 16 ქულას და 5.6 პასს აკეთებდა. მისი გუნდი ევროჩელენჯის ნახევარფინალში გავიდა, როცა უნგრეთი 10 ქულის სხვაობით დაამარცხა. ლუკამ იმ თამაშში 24 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება გააკეთა. 

ლუკა ალავიძე

დავით ნინიაშვილი

🏉 რაგბი. ლიონი. 19 წლის

მას საოცარი პროგრესი ჰქონდა, საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგიდან საფრანგეთის ელიტის ლიონში გადავიდა და როცა ბევრს ეგონა, ჯერ ესპუარებში ითამაშებდა, ძირითად გუნდში დამკვიდრებაც არ გაუჭირდა. ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში მან ნამდვილი შოუ მოაწყო "ბორჯღალოსნების" რიგებში, სექტემბერში კი TOP 14-ში დებიუტი ჰქონდა. ახლახან ჩელენჯ კაპზე დავითი გლოსტერთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ტურის სიმბოლურშიც მოხვდა, საქართველოს რაგბის კავშირმა კი წლის ლეგიონერად დაასახელა.

გიორგი სარდალაშვილი 

🥋 ძიუდო. -60 კგ. 18 წლის

გიორგიმ 2021 წელს ევროპის თასი ისე მოიგო, რომ 5 ორთაბრძოლიდან 4 იპონით დაასრულა. შემდეგ არც ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება გაუჭირდა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი მეორე იყო. მსოფლიოს რეიტინგში სარდალაშვილი პირველია, დიდებში კი - 52-ე. 

საბა ინანეიშვილი

🥋 ძიუდო. +100 კგ. 20 წლის

საბამ 2021 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მე-2 ადგილზე გავიდა. ძიუდოს რეიტინგში მძიმეწონოსნებში (დიდებში) უკვე 28-ე ადგილზეა. ბრწყინვალე იყო გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე. 

ლერი აბულაძე

🤼‍♂ ჭიდაობა. -63 კგ. 22 წლის

სერბეთში ლერი აბულაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მანამდე კი, ოსლოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა დიდებშიც მოახერხა. ევროპის ჩემპიონატზე ლერიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ალექსანდრე წივწივაძე

🚣‍♂ ნიჩბოსნობა. კანოე. 17 წლის

მან პორტუგალიაში 17 წლის ასაკში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის 500 მეტრზე კანოეთი შეჯიბრში. მანამდე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე 1 000 მეტრზე დისტანციაში იმარჯვა. 

ალექსანდრე წივწივაძე

ნათია გადელია

🏋‍♀ ძალოსნობა. -81 კგ. 17 წლის

ქართველმა ძალოსანმა გოგონამ ევროპისა და მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატები მოიგო. სხვათა შორის, 16 წლის ასაკში ევროპის (დიდების) ჩემპიონატშიც იასპარეზა და წონაში B ჯგუფში მე-3 შედეგი დააფიქსირა.  

რომელ სპორტსმენებზე ვწერდით შარშან და შარშანწინ
10 ქართველი სპორტსმენი, რომლებსაც 2021-ში უნდა დავაკვირდეთ
10 ქართველი სპორტსმენი, რომლებსაც 2020-ში უნდა დავაკვირდეთ

პოპსპორტმა პირველი სტატია 2019 წლის ბოლოსაც შემოგთავაზათ. მაშინ ჩვენ ეს სპორტსმენები დავასახელეთ: ნიკა ნინუა, ლუკა გაგნიძე (ფეხბურთი), სანდრო მამუკელაშვილი, საბა გიგიბერია (კალათბურთი), იოანე იაშაღაშვილი (რაგბი), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), მარიამ ბოლქვაძე (ჩოგბურთი), გიორგი ცხოვრებაძე (ხელბურთი), ნიკა შუშიაშვილი (წყალბურთი), მარია კაზაკოვა & გიორგი რევია (ფიგურული ციგურაობა). 

2020 წლის ბოლოს ანალოგიურ სტატიაში კი შემდეგი ახალგაზრდა სპორტსმენები გამოვარჩიეთ: გიორგი აბუაშვილი, გიორგი მიქაუტაძე (ფეხბურთი), ლუკა ავალიანი, ალექს მერკვილაძე (კალათბურთი), ბესარიონ ახვლედიანი (წყალბურთი), დემე თაფლაძე, მიხეილ ალანია (რაგბი), ილია სულამანიძე (ძიუდო), ქეთა ვენეცკი (ხელბურთი), ილია თოფურია (UFC).

კომენტარები

ბოლო ამბები