Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 108:124 ბრუკლინ ნეტსი
  • ჯეიმს ჰარდენს სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა
  • კლიპერსს ბოლო 5 თამაშიდან 4 წაგებული აქვს

ჯეიმს ჰარდენი ამ დღეებში ჰიუსტონისდროინდელ ჰარდენს გვაგონებს.

ლოს ანჯელესში, კლიპერსის წინააღმდეგ გამართულ მატჩში MVP მთელი თამაშის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საკმაოდ ადვილად დააგროვა 39 ქულა (15/25, 4/9 სამქულიანი), 8 მოხსნა და 15 პასი. სტარტიდან 12 წუთში მას უკვე 14 ქულა ჰქონდა.

განსაკუთრებული იყო მისი Stepback-სამიანი და, რა თქმა უნდა, პასები. მესამე მეოთხედში 32 წლის ჰარდენმა კარიერაში მე-6000 ასისტი შეასრულა, რაც მანამდე NBA-ს ისტორიაში მხოლოდ 37 კალათბურთელს ჰქონდა მოხერხებული. ამასთან, თამაშში 15 პასი 9-გზის ოლსტარელისთვის ამ სეზონში საუკეთესო შედეგია.

კლიპერსი, რომელსაც კავაი ლეონარდის, პოლ ჯორჯისა და აიზეია ჰარტენშტაინის სახით სამი წამყვანი მოთამაშე აკლია, ბრუკლინთან მატჩში (დურანტი არ ჰყავთ) დიდხანს უშანსოდ იყო, თუმცა ბოლო მეოთხედში სხვაობის 10 ქულამდე შემცირება შეძლო. მაგრამ საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ჰარდენს პასუხი მზად ჰქონდა და 4 ქულით მატჩის ბედი გადაწყვიტა.

კლიპერსიდან საუკეთესო მარკუს მორისი გახლდათ (24 ქულით), რომელმაც 4 სამქულიანი ჩააგდო და 6 ასისტიც გააკეთა. ბრუკლინში კი, ჰარდენის გარდა, კარგად გამოიყურებოდნენ ნიკ კლექსტონი (18), პატი მილსი (18, 6/13 სამქულიანი) და ასევე ექს-კლიპერსელი ბლეიკ გრიფინიც (12 ქულა, 9 მოხსნა 16 წუთში).

32 მატჩის შემდეგ, 23 მოგებითა და 9 მარცხით ბრუკლინ ნეტსი აღმოსავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. ჰარდენი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, ფილადელფიასთან გამართავენ. კლიპერსი კი (17-17) დასავლეთში მე-5 ადგილზეა და ბოლო 5 თამაშში უკვე მე-4 მარცხი განიცადა. პოლ ჯორჯის ტრავმის შემდეგ ცხადია, რომ ლოსანჯელესელებს წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები