Thumbnail

ბოლოსწინა წუთიაიტალია ათი კაცითაა და ნიგერიასთან უშანსოდ მარცხდება. ეს 1994 წლის მუნდიალის მერვედფინალია. ერთ-ერთ ბოლო შეტევაში რობერტო მუსი მარჯვნიდან ერთვება, ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან გამოაგორებს და იქ მას ერთი ჯადოქარი კაცი დახვდება. მისი დარტყმული შორეულ, დაბალ კუთხეში გადის და ანგარიში თანაბრდება. ეს კაცი რობერტო ბაჯოა.

ამას დამატებით დროში კიდევ ერთი გოლი მოჰყვება. რამდენიმე დღეში, ესპანეთთან მეოთხედფინალის ბოლო წუთზე, ისევ ბაჯოს გააქვს და ისევ გადამწყვეტი გოლი. ნახევარფინალში დუბლი ბულგარეთთან და ‘სკუადრა აძურა’ ფინალშია. მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის 3 თამაშში 5 გოლი, ყველა გადამწყვეტი, ორჯერ ბოლო წუთზე.

მარადონას 1986 წლის წარმოდგენასთან ერთად, ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი ინდივიდუალური ‘პერფორმანსი’ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ასეთი სხვა არავის არაფერი უქნია.

სულ რამდენიმე დღეში ეს კაცი მუნდიალის ფინალში ბოლო პენალტს ცაში დაარტყამს და მსოფლიოში ყველაზე ტრაგიკულ გმირად იქცევა. ის, რაც ოცნება, კეთილი ზღაპარი თუ ჰოლივუდური სცენარი გვეგონა, ძველი ბერძნული ტრაგედია აღმოჩნდა. არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ეს მომენტი ენახოს და მისადმი გულგრილი იყოს. ახლაც კი, როცა თითქმის 30 წლის შემდეგ ამ სტრიქონებს ვწერ, ამ ფაქტის მშვიდად მიღება არ შემიძლია. ეს იყო რაღაც უზენაესი უსამართლობა, ბედისწერის ბოროტი და ცინიკური დაცინვა - ადამიანი ამას არ იმსახურებს. ეს საფეხბურთო კი არა, ადამიანური ტრაგედია იყო. ჩემთვის არაფერია უფრო ტრაგიკული, ვიდრე ბაჯოს ფოტო აცილებული პენალტის მომდევნო წამებში.

დარტყმიდან რამდენიმე წამის შემდეგ

‘მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არასოდეს, ვარჯიშზეც კი არ ამიცილებია პენალტი ზემოდან’ - რობერტო ბაჯოს ეს სიტყვები ძალიან ბევრჯერ აქვს ნათქვამი.

ზემოთ ბერძნული ტრაგედია ვახსენე. იქ არის ასეთი კაცი - ოიდიპოსი. შორიდან ყველამ ვიცით, რომ ის თავისდა უნებურად მამას მოკლავს და დედას ცოლად შეირთავს. თუმცა ამ ამბავში ეს არ არის ყველაზე მთავარი. ოიდიპოსის ისტორიაში მთავარი ის არის, თუ როგორ დასცინის ბედისწერა ადამიანს. ბაჯოსაც ასე მოსდის - ბედისწერა მას უსამართლოდ, დაუმსახურებლად ანადგურებს.

ის საფეხბურთო წამებულად იქცა. თუმცა, ამის შემდეგ მილიონობით კაცი წლების განმავლობაში რობის მთავარი დამცველი, მიმდევარი, გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი გახდება, ბოლონიას და ბრეშას რობის გამო უგულშემატკივრებენ, მის გოლებს დაელოდებიან და ნაკრებში მის დაბრუნებაზე ილოცებენ. იმედი ერთია - რობი ფინალში ისევ უნდა დაბრუნდეს და ის ფინალი უნდა მოიგოს. რას ვიზამთ?! ადამიანებს არ გვიყვარს უსამართლობა და საფეხბურთო სამართლიანობის აღდგენა წლების განმავლობაში მილიონობით კაცის მთავარი ოცნება გახდება. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. იმიტომ, რომ ერთ-ერთი ასეთი გულშემატკივარი მეც ვიყავი. იტალია 2006-ში იმ ფინალამდე მაინც მივა, ოღონდ ეს გვიან მოხდება და რობი იქ უკვე აღარ იქნება. არადა, იმსახურებდა, რომ ყოფილიყო.

იმ პენალტამდე ბაჯო სუპერვარსკვლავი იყო, მის შემდეგ კი ის სახალხო გმირი ხდება.

ბედის დაცინვა ვახსენე და ერთი პატარა ამბავი. რობი ის თაობაა, რომელიც 1982 წლის მუნდიალის ტრიუმფზე და პაოლო როსის გოლებზე გაიზარდა. იცით, რა იყო ბაჯოს მთელი ცხოვრების ოცნება?! ფინალი ბრაზილიასთან. ოღონდ, დარწმუნებული ვარ, ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი არ უნახავს, რომ იტალიას ის ფინალში მარტო გაიყვანდა. მთელი იტალიის გმირი ის იქნებოდა.

პენალტი სხვა რაკურსით

ძალიან უსამართლოა ისიც, რომ იმ ფინალის წაგება ბაჯოს ბრალდება, მასთან ასოცირდება. არადა, ტრავმირებული, შეხვეული ფეხით, ლოს ანჯელესის სიცხეში გავიდა, ორი საათი ითამაშა. რობიმდე პენალტები ფრანკო ბარეზიმ და დანიელე მასარომ გააფუჭეს. მთავარი აცილება მასაროსი იყო. ბაჯოს რომც გაეტანა, ამის შემდეგ ბებეტოს უნდა დაერტყა.

სტატისტიკით გეტყვით: როცა გადამწყვეტ პენალტს ასრულებ, რომელიც თამაშს იგებს, გოლის 86-პროცენტიანი შანსი გაქვს. დარტყმა ამ დროს იოლია - იცი, რომ ერთი გოლიც და მოიგე. ანუ, ბაჯოს რომც გაეტანა, ბრაზილია 90 პროცენტით მაინც ჩემპიონი იყო. მოკლედ, ობიექტურად, ამ პენალტის მნიშვნელობა იმდენად დიდი არ არის, რამდენადაც ის ემოციებში დარჩა. იმიტომ დარჩა, რომ ბაჯომ ააცილა და ეს ძალიან უსამართლო იყო, თორემ ვინმე სხვას რომ ვერ გაეტანა, ტრაგიზმის ხარისხიც საფეხბურთო მასშტაბებს არ გასცდებოდა და ბერძნულ ტრაგედიებზე საუბარსაც ავცდებოდით.

უსამართლოა ისიც, რომ ბაჯოზე ლაპარაკის დროს ყველაზე ხშირად ამ პენალტს ახსენებენ, თითქოს ამ დარტყმასთან ასოცირდება. არადა, ერთ-ერთი ყველაზე დიადი იყო, ვინც კი ოდესმე მწვანე მინდორზე გასულა - ათეულობით ჯადოქრული გოლები აქვს გატანილი. არ იმსახურებს, რომ რობი ბაჯოზე პირველი ცაში დარტყმული პენალტი გვახსენდება.

ფეხბურთის ღმერთები მისკენ არასოდეს ყოფილან - იტალიამ ბაჯოსთან ერთად ზედიზედ სამჯერ წააგო პენალტებში. არადა, სამჯერვე საჩემპიონო გუნდი იყო. 1990 წელს სახლში მუნდიალის წაგება მთელი იტალიისთვის ტრავმა აღმოჩნდა. ‘ალბისელესტეს’ გულშემატკივარს ნუ ეწყინება - არგენტინა იმ იტალიაზე უკეთესი ფეხბურთში ნაღდად არ იყო. რობიმ პენალტი იქაც გაიტანა. გაიტანა 1998 წელსაც, საფრანგეთთან მძიმე და უგოლო შეხვედრაში. საფრანგეთის მერე ნახევარფინალში მხოლოდ ხორვატია იყო და იმის მერე ფინალში ბრაზილია. მაგრამ, ლუიჯი დი ბიაჯომ ბოლო პენალტი ძელს გაარტყა და ბრაზილიასთან ფინალი აღარ შედგა.

იღბალის, ბედისწერის თუ საფეხბურთო ღმერთების გარდა, ბაჯოს სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. 90-იანების სერია A დიდი მწვრთნელების ეპოქაა. საკიმ ტაქტიკური რევოლუცია უკვე მოახდინა და ფეხბურთი უფრო კოლექტიური, ტაქტიკაზე და სქემებზე ორიენტირებული გახდა. მწვრთნელობა ცოტა მეცნიერული საქმეა - ანალიზს მოითხოვს. ჯადოქრობის, მაგიის და სასწაულების, ანუ ის, რაც ბაჯოს შეეძლო, ხშირად ნაკლებად ესმით. რატომღაც მოხდა ისე, რომ ამ ხალხს, ეპოქის შემოქმედ მწვრთნელებს - არიგო საკის, მარჩელო ლიპის, ფაბიო კაპელოს და სხვებს ბაჯოსთან ურთიერთობა არ აეწყოთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რობიმ, ფორმის პიკზე, მსოფლიოში ჯერ კიდევ ერთ-ერთმა საუკეთესომ, ერთი სეზონი პროვინციულ ბოლონიაში გაატარა.

28 წლის წინ, 1993 წლის 28 დეკემბერს, ბაჯომ ოქროს ბურთი ჩაიბარა

მწვრთნელებთან ომში გულშემატკივრები ყოველთვის ბაჯოს მხარეს იყვნენ. ეს გრძელი და უსიამოვნო ისტორიაა. 1994 მუნდიალის შემდეგ, არიგო საკიმ ბაჯოს სკამზე დასმა დაიწყო. უცნაურ რაღაცებს სთხოვდა - ერთი შეხებით ითამაშე და ა.შ. ბაჯოს რომ ერთ შეხებაში თამაშს სთხოვ, ეს ნორმალური არ არის - თუნდაც არიგო საკი იყო. ევროპის ჩემპიონატმა ბაჯოს გარეშე ჩაიარა. საკი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მას ენრიკო კიეზა ერჩივნა, რადგან უბურთოდ თამაშის დროს დაცვას უკეთ ეხმარებოდა. იტალია ჯგუფში დარჩა, საკი გააგდეს, კიეზამ ვერც დაცვას უშველა და ვერც შეტევას. რობიმ თავის საუკეთესო წლებში დიდი ტურნირი გამოტოვა.

ჩეზარე მალდინი ორი წლის შემდეგ, 1998 წლის მუნდიალზე, ვერ მიხვდა, რომ ბაჯო უკეთესი იყო, ვიდრე ტურნირის წინ ტრავმირებული დელ პიერო (ალექსი ჩემთვის ყოველთვის ნომერი ერთია, მაგრამ ობიექტურად, ბაჯო მაშინ უკეთესი იყო). მალდინი ხან ერთს ათამაშებდა, ხან - მეორეს. საფრანგეთთან რობი შეცვლაზე შემოიყვანა და დამატებითში სულ ორიოდე სანტიმეტრით ააცილა. შემდეგ უკვე ტრაპატონის აღარ უნდოდა ბრეშადან ბებერი ჯადოქრის წაყვანა. მოკლედ, ამ ხალხმა იცოდა სქემები და ტაქტიკა, მაგრამ არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა იტალიური ფეხბურთის ყველაზე დიდი ხელოვანი.

‘თანამედროვე ფეხბურთში პოეტების ადგილი არ არის’ - ოსკარ ტაბარესი, მილანის მწვრთნელი ბაჯოს შესახებ. მილანიდან მალევე გაუშვეს კატასტროფული შედეგების გამო.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კარლო ანჩელოტიმ ბაჯო პარმაში არ წაიყვანა, რადგან მისივე სიტყვებით, 4-4-2 სქემას ვერ უღალატებდა და ამ სქემაში ბაჯოს ადგილს ვერ ხედავდა. ხვდებით ალბათ სიბნელის და გონებაშეზღუდულობის მასშტაბს?! პარმა როცა ხარ, ბაჯოს წაყვანის შანსი გაქვს და 4-4-2-ს ვერ ღალატობ... ისე, ანჩელოტი მოგვიანებით, თავის წიგნში აღიარებს შეცდომას.

‘დღეს ტელევიზორში ვხედავ ჩემს კოლეგებს, რომელთაც ექსპერტები ჰქვიათ. არადა, მახსოვს, ბურთით სამი მეტრის გავლა არ შეეძლოთ’ - რობერტო ბაჯო.

ყველაზე მეტად მარჩელო ლიპის მიკვირს. საკი ყოველთვის სქემების და თეორიების მწვრთნელი იყო, კაპელო ხისტი და უჟმური, მაგრამ ლიპი ბრძენი კაცია, ძენ-მასტერი, 2006 წელს ტრავმირებულ ტოტის ბოლომდე ელოდებოდა მუნდიალისთვის, დელ პიეროსაც ყოველთვის მამასავით პატრონობდა. მოკლედ, ამ კაცმა ტალანტის ფასი იცის, მაგრამ ბაჯოსთან პირიქით მოხდა. ჯერ იუვენტუსიდან მაშინ გაუშვა, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და შემდეგ ინტერში უკვე ღია მტრობა დაიწყო. მათი მტრობა ძალიან პირადული იყო, სქემებს და ტაქტიკას ძალიან შორს სცდებოდა.

სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ბაჯომ თავისი გუნდი თითქოს ვერც მოძებნა. იუვენტუსში ის მსოფლიოში საუკეთესო იყო, ამის შემდეგ კი თავისი თავი ბოლომდე მხოლოდ იმ გუნდებში იპოვა, რომლებიც მას სრულ თავისუფლებას აძლევდნენ.

‘ჩემი აზრით, ბაჯოს განსხვავებულად უნდა მიუდგე. მას ჩვეულებრივი მოთამაშესავით ვერ მოექცევი. ის განსხვავებულია. თუმცა, მწვრთნელები ამას ყოველთვის ვერ ხვდებოდნენ’ - ჯანკარლო მაროკი, ბაჯოს თანაგუნდელი ბოლონიაში.

მთელი მისი მიღწევების და ჯადოქრობების მიუხედავად, ბაჯო არასწორ დროს მოვიდა ფეხბურთში. სულ ათიოდე წლით ადრე რომ ეთამაშა, ჯერ კიდევ კოლექტიური ფეხბურთის რევოლუციამდე, დარწმუნებული ვარ, ის მარადონასთან ერთად ერთპიროვნულად იქნებოდა მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ბევრი წლის განმავლობაში. ათი წლის შემდეგ რომ ყოფილიყო, ანუ, იმ ეპოქაში, როცა მწვრთნელებმა ისწავლეს სქემების ფეხბურთელებისთვის მორგება, მას აუცილებლად უპოვიდნენ იმ როლს, რომელშიც შეეძლებოდა თავისი ტალანტის სრულად დემონსტრირება. მით უმეტეს, ახლა, როცა სამედიცინო მომზადება და მკურნალობა ბევრად მაღალ დონეზეა. ტრავმებმა რობის ბევრ რამეში შეუშალა ხელი. იცით, ვინ ოცნებობს, რომ ბაჯო ახლა თამაშობდეს და მის გუნდში იყოს?! პეპ გვარიოლა - რობის ტალანტის უდიდესი თაყვანისმცემელი.

‘თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელები თავის თავს მოთამაშეებზე და კლუბებზე მაღლა აყენებენ. მე კი ვიპარავდი იმ შოუს, რომელშიც მათ უნდოდათ მთავარი როლის თამაში. მათ ჩემი შურდათ, რადგან მე ჩემს მეტოქეებსაც კი ვუყვარდი’ - რობერტო ბაჯო

ტაქტიკური ფაქტორების გარდა, იყო ადამიანური მოტივებიც. რობი თავისი ხასიათით უფრო ხელოვანია, შემოქმედი, ვიდრე სპორტსმენი. მოედანზე ეს მას ხელს არასოდეს უშლიდა - იყო კარგი პროფესიონალი, მუდამ ერთვებოდა გუნდურ თამაშში (123 საგოლე გადაცემა აქვს სერია A-ში), ყოველთვის თავის თავზე იღებდა თამაშს ყველაზე რთულ მომენტებში (სერია A-ში მისი 205 გოლიდან 96 გამარჯვების, ან ქულის მომტანი იყო). მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ჩუმ და გულჩათხრობილ ადამიანად რჩებოდა. შიდა გუნდურ ამბებში ის არც ლიდერი იყო, არც ერეოდა და ზოგადად საფეხბურთო სამყაროში მეგობრები თითქმის არ ჰყავს. მოკლედ, პიროვნულად, ეჭვი მაქვს, მისი ცოტას თუ ესმოდა.

მაგალითად, ლიპი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ ბაჯო არ იყო ლიდერი და მისთვის სამაგალითო ლიდერებად ჯანლუკა ვიალის, ჩირო ფერარას და დიდიე დეშამს ასახელებს. ანუ, ხასიათის სიმტკიცით გამორჩეულ ხალხს. არადა, შეიძლება ჩირო ფერარასავით ნეაპოლის ქუჩების სკოლა არ გქონდეს გავლილი და მაინც დიდი ფეხბურთელი იყო. დეშამზე და ფერარაზე არაფერს ვიტყვი და ჯანლუკა ვიალი ფეხბურთს ბაჯოსავით თამაშობდა?!

ვისაც ზუსტად ვიცით, რომ ესმოდა, ეს ლეგენდარული კარლო მაცონე გახლდათ. ბრეშაში მაცონემ ბაჯოსთან ერთად რამდენიმე ძალიან კარგი წელი აჩუქა გულშემატკივარს.

მაცონეს ბრეშაში ბაჯომ თავისი კარიერის ბოლო წლები გაატარა

რობი ბაჯოც არა მწვრთნელების და სქემების, არამედ ხალხის კაცად დარჩა. იუვენტუსში, მილანსა და ინტერში ერთად ითამაშა და სამივეგან უყვართ. იტალიაში ის ერთადერთი კაცია, ვისაც ყველა ქალაქში ტაშს უკრავენ. მისი მიღწევები უფრო ემოციებით და მომენტებით იზომება, ვიდრე სტატისტიკითა და ტიტულებით. ასე ვინმე ფეხბურთს თამაშობდეს, არავინ გვინახავს. უსამართლობამ თუ არგამართლებამ რობი სახალხო გმირად აქცია. ბევრი გამარჯვებების და დიდი მიღწევების მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ ბედისწერას მეტი უნდა მიეცა მისთვის. სწორედ ამიტომ, მუდამ მის მხარეზე ვიქნებით. ის პენალტი ცაში მაინც არ უნდა წასულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები