Thumbnail
  • 'ქართველი ფეხბურთელი ლიგის საუკეთესო დრიბლიორთა შორისაც აღარ შედის'
  • ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკური მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესებულია

რუსულმა Business gazeta-მ ყაზანის რუბინისთვის სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს “მთავარი ჩავარდნა” უწოდა. აღნიშნულ ვებ-გვერდს საფუძვლად ცნობილი ანალიტიკური პლატფორმა Instat-ის მონაცემები უდევს, სადაც ქართველი ნახევარმცველის სტატისტიკურ მაჩვენებლებში უკუსვლა თვალსაჩინოა. აი, რას წერს რუსული საიტი:

“რუბინში ყველაზე დიდი უკუსვლა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში შეინიშნება. ზაფხულში ის არ გაუშვეს ევროპულ კლუბში, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქართველმა მოიწყინა. გასულ სეზონში მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ გოლი და 2 პასი უგროვდება. საშუალოდ 90 წუთში ხვიჩა 2.2 საკვანძო პასს აკეთებდა, ამჟამად, ეს მაჩვენებელი 1.93-ს უტოლდება. მეტოქის საჯარიმოში მისგან 3.5 პასი მიდიოდა, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 2.8 პასი აქვს. კვარაცხელიაზე ჯარიმებსაც უფრო იშვიათად იღებენ: 44 წინა სეზონში, 26 – ახლა.

ქართველ ფეხბურთელს აღარ ეკუთვნის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო დრიბლიორის სტატუსიც. ეს ტიტული მისგან ცსკა-ს ფეხბურთელმა ჩიდერე ეჯუკემ გადაიბარა. კვარაცხელია 90 წუთის განმავლობაში 13-დან შვიდ წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს და პროცენტული მაჩვენებლებით, უკვე ლიგის საუკეთესო ათეულშიც კი აღარ შედის”.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუბინში მხოლოდ 1 გოლი აქვს

20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში მესამე სეზონს ატარებს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt მას 18 მილიონ ევროდ აფასებს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს გაიხსნება და ყველაზე ხშირად ქართველ ფეხბურთელს პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებენ.

სხვათა შორის, სპორტ-ექსპრესმა რუსეთის ჩემპიონატის სატრანსფერო ცხრილი განაახლა და კვარაცხელია უკვე ვესტ ჰემის ფეხბურთელად მოიხსენია. “ხვიჩასთან მიმართებაში აშკარა ფავორიტი ვესტ ჰემია, სადაც უკვე თამაშობენ ექს-სპარტაკელი ალეკს კრალი და ცსკა-ს ყოფილი წევრი ნიკოლა ვლაშიჩი. ლონდონელები მზად არიან კვარაცხელიას სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ”, - წერს რუსული გაზეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები