Thumbnail
  • ალვარო მორატამ კარიერა შესაძლოა ბარსელონაში გააგრძელოს
  • ჩავი 29 წლის ესპანელ ფეხბურთელს პირადად ესაუბრა

ესპანეთის ნაკრებისა და იუვენტუსის თავდამსხმელი ალვარო მორატა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. ‘მარკას’ ინფორმაციით, ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჩავი მორატას ტელეფონით ესაუბრა და მისი ტრანსფერი იანვარში მოითხოვა.

თუმცა, ეს გარიგება მარტივი არ იქნება, რადგან მოლაპარაკება სამ გუნდს შორის უნდა შედგეს - ბარსა, იუვენტუსი და ატლეტიკო. ალვარო მადრიდული გუნდის საკუთრებაა და იტალიაში იჯარით თამაშობს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ტურინელები სეზონის შუაში მის გაშვებას არ დათანხმდებიან, სხვა შემთხვევაში სასწრაფოდ მისი შემცვლელი დასჭირდებათ. იუვეს შეტევაში პრობლემები აქვს და ფორვარდის დამატებას მორატას წასვლის გარეშეც გეგმავს, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო განსაკუთრებულ აქტიურობას ვერ ახერხებს.

მორატა იუვენტუსისთვის ამ ეტაპზე შეუცვლელი ფეხბურთელია

ესპანური მედია კი წერს, რომ მორატამ მზადყოფნა გამოთქვა, ბარსაში გადასასვლელად ხელფასიც კი დაიკლოს, ხოლო ჩავისთვის ის პრიორიტეტული ვარიანტია და ედინსონ კავანიზე წინაც აყენებს, რომელსაც აქამდე ბარსას ძალზე აქტიურად უკავშირებდნენ.

ალვარო მორატას კარიერა რეალში დაიწყო, შემდეგ მან თავი იუვენტუსში 2014-2016 წლებში გამოიჩინა და მადრიდულ გრანდში დაბრუნდა. 2017 წელს მორატა ჩელსიში გადავიდა, 2019 წლის იანვრიდან ატლეტიკოს ღირსებას იცავდა, გასულ ზაფხულს კი იუვენტუსში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში მორატამ 23 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები