- ვალენსიამ ოთხიდან ერთი მეკარის იჯარით MLS-ში გაშვება გადაწყვიტა
- კრისტიან რივეროს შანსი მესტალიაზე გიორგი მამარდაშვილმა არ მისცა
- ოფიციალურად: ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი გამოისყიდა
გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ახლახან ვალენსიასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, "მესტალიაზე" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება. "ღამურებმა" მთავარი გუნდის მეოთხე მეკარის, კრისტიან რივეროს იჯარით გაშვება გადაწყვიტეს.
23 წლის გოლკიპერი ვალენსიას აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წლის ზაფხულში მოხვდა, თუმცა "ღამურების" მაისურით წუთიც არ უთამაშია. რივეროს შანსები კიდევ უფრო მიზერული მას შემდეგ გახდა, რაც "მესტალიაზე" გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი მეკარე ესპანეთში დინამო თბილისიდან იჯარით გადავიდა და თავდაპირველი გეგმით, მის ვალენსიას სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხოსე ბორდალასის ნდობა დაიმსახურა და ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სტარტო მატჩებში ვალენსიას კარში გამოცდილი იასპერ სილესენის ნაცვლადაც გამოჩნდა.

ბოლო დრომდე ვალენსიას ოთხი მეკარე ჰყავდა. სილესენისა და მამარდაშვილის გარდა, ამ სეზონში გუნდის კარის დაცვის შესაძლობა ხაუმე დომენეკსაც მიეცა (ესპანეთის თასზე), კრისტიან რივეროს კი - არცერთხელ.
ესპანური მედიის ცნობით, რივეროს ვარიანტი MLS-ში გამოუჩნდა, სადაც მის წლინახევრიანი იჯარით დამატებას დალასი აპირებს. მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და ვალენსიას მისი მეოთხე მეკარე უახლოეს დღეებში დატოვებს.

ლა ლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, ვალენსიას 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. გიორგი მამარდაშვილის გუნდს უახლოესი მატჩის ჩატარება 5 იანვარს, შინ კარტახენასთან მოუწევს.
კომენტარები