Thumbnail

'ქრისტესაც ასე სჯიდნენ' - ჯოკოვიჩის მამამ ნოვაკი იესოს შეადარა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ნოვაკის მამამ, დედამ და მამამ ჩოგბურთელის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე ისაუბრეს
  • "ნოლეს" შესახებ კომენტარი სერბეთის პრეზიდენტმაც გააკეთა

დღეს, 6 იანვარს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახის წევრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრეს-კონფერენცია მოაწყვეს და როგორც ავსტრალიური The Age წერს, "ნოლეს" ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. 

პრეს-კონფერენცია ნოვაკის მამამ, სრჯან ჯოკოვიჩმა გახსნა: 

"ჩვენი ნოვაკი, ჩვენი სიამაყეა. ნოვაკი სერბეთია და სერბეთი ნოვაკია. ისინი ამ მოქმედებით სერბ ხალხს თავზე აბიჯებენ. შორეული მიწის ლიდერი, სკოტ მორისონი (რედ: ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი) ნოვაკს თავს დაესხა და მისი ქვეყნიდან გაძევება მოინდომა. ჩემი შვილისა და ჩვენი ულამაზესი სერბეთის დაჩოქება სურდა. სერბები კი ამაყი ხალხი ვართ. ისტორიის მანძილზე არავის დავსხმივართ, მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავდით. ამას აკეთებს ახლა ნოვაკი, მთელი მსოფლიოს სიამაყე, რომელიც აჩვენებს ორგანიზატორებსა და მასპინძლებს, თუ რა ხალხის შთამომავალია. გვირაბის ბოლოს სინათლე ნოვაკია, პოლიტიკური ოლიგარქია მას ვერ გააქრობს.

შენ, შორეული ლამაზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრო, რომელიც საკუთარი პრინციპების მიხედვით მოქმედებ, იცოდე, ჩვენს პრინციპებთან არანაირი კავშირი არ გაქვს. ჩვენ ადამიანები ვართ, შენ კი, სერ, არა.

ღმერთი ყველაფერს ხედავს. მორალი უდიდესი იდეალია, რომელიც სულიერი აღმავლობის მანათობელი ვარსკვლავი გახლავთ. ჩემი განძი სულიერი სიმდიდრეა, მათი მატერიალური. 

იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს. მაგრამ ის ჩვენ შორის მაინც ცოცხლობს. ისინი ნოვაკის ჯვარცმასა და წამებას ცდილობენ, უნდათ მუხლებზე დააყენონ. 

ჩვენ თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ, 7 მილიარდ ადამიანს ვერ დაიჭერენ. მაგ პრემიერ-მინისტრზე კი თავისივე სახელი, სკოტი მეტყველებს, ზუსტად ეგ არის,” - თქვა სრჯან ჯოკოვიჩმა (“skot” სერბულად უცენზურო, დამამცირებელი ეპითეტია). 

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა, სრჯან ჯოკოვიჩი

მამას არც ნოვაკის ძმა ჯორჯე ჯოკოვიჩი ჩამორჩა და პრეს-კონფერენციაზე საკუთარი სიტყვა მანაც წარმოთქვა, ნოვაკის საქმეს კი “უდიდესი დიპლომატიური სკანდალი” უწოდა.

“იგივე დოკუმენტები ჰქონდა, რაც სხვა მოთამაშეებს, რომლებიც უკვე ავსტრალიაში არიან. ნოვაკმა და მისმა გუნდმა ვიზები Tennis Australia-თან კონტაქტით მიიღო, რადგან მას პირდაპირ ავსტრალიის სამთავრობო უწყებებზე გასვლა არ შეძლო. განაცხადი Tennis Australia-მ გააკეთა. 

ნოვაკი მელბურნის აეროპორტის საიზოლაციო ნაწილში გადაიყვანეს და 45 წუთი მასთან კონტაქტის დამყარების საშუალება არ მოგცეს. შემდეგ მობილური წაართვეს და 3,5 საათის განმავლობაში ვერ ვესაუბრებოდით. მერე მიგრანტების სასტუმროში წაიყვანეს და ბინძურ ოთახში მოათავსეს, თან მისი ნივთების გარეშე. მას კრიმინალივით მოექცნენ, არა და ჯანმრთელი და ღირსეული კაცია. ნოვაკი ისტორიაში უდიდესი სპორტსმენია.”

მშობლებს შორის, ჯორჯე ჯოკოვიჩი

ქმრისა და შვილის პათოსი ნოვაკის დედამ, დიანამ დაასრულა: 

"უდიდესი პოლიტიკური სკანდალია, ნოვაკს ამ ფლანგზე უტევენ. ის მსხვერპლად შესაწირი ცხვარი და რევოლუციონერია, რომელიც სამყაროს შეცვლას ცდილობს. იმედი მაქვს, ფრთებს ვერ დააჭრიან, არა და ეს ყველაზე მეტად სურთ. ჩვენ მას ლოცვებით გავაძლიერებთ."

ლურჯი ქურთუკით, ნოვაკ ჯოკოვიჩის დედა, დიანა

მსოფლიოს პირველი ჩოგნის თემაზე კომენტარი სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩიჩმაც გააკეთა:

"რაც ფეირ-პლეის არ შეესაბამება, ეს კუდიანების წინააღმდეგ გამოცხადებული პოლიტიკური ნადირობაა, რასაც ყველა, მათ შორის ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აკეთებს და ისეთ სახეს იღებს, თითქოს წესები ყველასთვის თანასწორი იყოს. 

ვშიშობ, ნოვაკის წინააღმდეგ ამგვარი პოლიტიკური დევნა მანამ გაგრძელდება, სანამ რაღაცას არ დაამტკიცებენ. როცა ვიღაცის დამარცხება არ შეუძლიათ, მას ასე ექცევიან," - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს France24

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი

ბოლოს, ბელგრადის ცრვენა ზვეზდამ ნოვაკს მხარდაჭერა სოციალური ქსელის საშუალებით გამოუცხადა და დაწერა: "მხარს ვუჭერთ საუკეთესოს! ნოლე, შენი ზვეზდა შენ გვერდითაა!"


მოგეხსენებათ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობამ ქვეყანაში იმიტომ არ შეუშვა, რომ სერბ ჩოგბურთელს კოვიდ-საწინააღმდეგო აცერა გაკეთებული არ აქვს. ქვეყნის კანონმდებლობით, კი აუცრელი პირები ავსტრალიის საზღვარს ვერ გადაკვეთენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები