Thumbnail
  • ფაბიო კანავაროს პოლონეთის ნაკრებში ეპატიჟებიან
  • ‘გაძეტა დელო სპორტი’ კონტრაქტის დეტალებზე წერს

პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიდი ალბათობით ფაბიო კანავარო დაინიშნება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონელებს 48 წლის ლეგენდარული იტალიელი მცველის დანიშვნა სურთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ახლა კი, “გაძეტა დელო სპორტმა” მოლაპარაკებებისა და კონტრაქტის დეტალები გაახმაურა.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ კანავაროს უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართა და ეს უკანასკნელიც, სავარაუდოდ, თანახმაა. როგორც ირკვევა, პოლონელები კანავაროს 2-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 2 მილიონ ევროს სთავაზობენ.

კანავარო ბოლოს ჩინეთში მუშაობდა

თუკი ფაბიო დათანხმდება, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი იტალიის ნაკრების კაპიტანი პაულო სოუზას შეცვლის, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოსტი დატოვა და ბრაზილიურ ფლამენგოს ჩაუდგა სათავეში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში პოლონეთი 24 მარტს სტუმრად რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

“გაძეტა დელო სპორტი” იმასაც წერს, რომ კანავაროს დანიშვნის ერთ-ერთი ინიციატორი პოლონეთის ნაკრების სუპერვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკია. ცნობილია, რომ ნეაპოლელ კანავაროს ირანის ნაკრებიდანაც ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელდა.

ფაბიო კანავარო 2018-დან 2019 წლამდე ჩინეთის ნაკრების დროებითი დამრიგებელი იყო. მანამდე იგი ჩინურ კლუბ გვანჯოუ ევერგრანდეს და ტიანძინ ციუნძიანს წვრთნიდა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი თავდაპირველად არაბეთის გაერთიანებული საამიროების ალ აჰლის მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი სპეციალისტმა საუდის არაბეთის ალ ნასრში იმუშავა.

კომენტარები

ბოლო ამბები