Thumbnail

NBA | კლეი ტომპსონის ემოციური დაბრუნება - Splash Brothers-ის შოუ კლივლენდთან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გოლდენ სტეიტი 96:82 კლივლენდი
  • კლეი ტომპსონი 17 ქულით დაბრუნდა
  • საუკეთესო 28 ქულით სტეფ კარი იყო

Comeback ზუსტად ასეთი უნდა იყოს! 941-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კლეი ტომპსონმა თავის Splash Brother სტეფ კარისთან ერთად გოლდენ სტეიტს სეზონში 30-ე გამარჯვება მოაპოვებინა, რომელიც უორიორსის შესანიშნავი დაცვის დამსახურებაცაა, მაგრამ დღის მთავარი გმირი მაინც კლეი გახლდათ!

დასავლეთ კონფერენციის ლიდერი კლივლენდს ხვდებოდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ტომპსონმა ძირითად ხუთეულში დაიწყო და 20 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 17 ქულა იყო - 18-დან 7 სროლა ჩააგდო, მათ შორის 8-დან 3 სამქულიანი. კლეისთვის ეს სროლის ყველაზე მაღალი პროცენტი არ გახლავათ, მაგრამ დასაწყისისთვის ძალიან კარგი შედეგია.

შეხვედრის შემდეგ, ინტერვიუში კლეი სწორედაც რომ პირველი ჩაგდებული სროლის ფსიქოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრობდა: "თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, 4-5 ისეთი სროლა მქონდა, რომლებიც უნდა ჩამეგდო. მაგრამ ეს იყო საღამო, რომელიც არასდროს დამავიწყდება," - აღნიშნა მან.

მატჩის მთავარ გმირად სტეფ კარი იქცა, რომელმაც დაბალშედეგიან შეხვედრაში 28 ქულის ჩაგდება მოახერხა. სტეფმა 21-დან 10 სროლა გამოიყენა და მასთან ერთად 'უორიორსს' ფენომენალური +23 ჰქონდა.

ორივე გუნდი უჩვეულოდ დაბალი პროცენტით ისროდა - უორიორსს ზუსტი სროლების 40 პროცენტი ჰქონდა, კლივლენდს კი - 42. გოლდენ სტეიტმა 42-დან საერთოდაც მხოლოდ 10 სამქულიანი ჩააგდო, რაც ზუსტი სროლების 23.8 პროცენტია. თუმცა, უორიორსმა მეტოქეზე მთელი 22 სროლით მეტი შეასრულა (97 სროლა კლივლენდის 75-ის წინააღმდეგ). ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გოლდენ სტეიტმა მეტოქის ფარზე 22-ჯერ მოხსნა ბურთი და გარდა ამისა, კლივლენდმა 19-ჯერ დაკარგა ბურთი. გოლდენ სტეიტის დაცვამ საერთო ჯამში მეტოქეს მხოლოდ 82 ქულა ჩააგდებინა. 17 ქულაზე მეტი კლივლენდის არცერთ მოთამაშეს არ ჩაუგდია.

კომენტარები

ბოლო ამბები