Thumbnail

'მზად ვარ, ნებისმიერ ჩემპიონს ვებრძოლო' - ერანოსიანი მე-11 გამარჯვების შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

8 იანვარს ახალქალაქელმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა პროფესიულ კრივში მე-11 ბრძოლა გამართა და მე-11-ედ მოიგო - მან 8 რაუნდში ქულებით დომინიკელი სტერლინგ კასტილიო დაამარცხა. 

ახალქალაქელი მოკრივე სუპერნახევრადმსუბუქ (super featherweight) წონაში WBA ვერსიით რეიტინგის მე-7 ნომერია, რაც მოქმედ ქართველ მოკრივეებს შორის საუკეთესო შედეგია. boxrec.com-ის რეიტინგით (ყველა ვერსია) - ის წონაში მეათეა. 

2019 წელს მან მინსკის თამაშებზე (რომელიც პარალელურად ევროპის ჩემპიონატიც იყო) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ ქართველი მოკრივე პროფესიონალი გახდა და მას მერე ზედიზედ 11 ბრძოლა (6 ნოკაუტით) მოიგო. ერანოსიანი მაიამი ბიჩში ვარჯიშობს და ცხოვრობს. 

ოთარ ერანოსიანი: "ვარჯიშზე მარცხენა ჰუკზე ბევრი ვიმუშავეთ და როცა მეტოქემ საშუალება მომცა, გამოვიყენე და პირველი ნოკდაუნი შედგა. კარგია, რომ წამოდგა და ჩხუბი განაგრძო, ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ და 8-12 რაუნდისთვის ვემზადებით. სწორედ ასეთი ორთაბრძოლებისთვის დიდი მონდომებით ვემზადები, ამიტომაც კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. 

მზად ვარ, ნებისმიერ ჩემპიონს ვებრძოლო - შაკურ სტივენსონს, ოსკარ ვალდესს... ყველასთან საჩხუბრად მზად ვარ. ყოველი მატჩის შემდეგ უკეთესი ვარ, ასე რომ უკვე დროა, საუკეთესოებს გავეჯიბრო. თუ ასე გავაგრძელებ, ვიცი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი აუცილებლად გავხდები". 


28 წლის ერანოსიანის საბრძოლო მეტსახელი "პიტბულია".  ShoBox-ის ეგიდით მან მეორე ორთაბრძოლა გამართა, პირველში (სექტემბერში) 23 წლის ამერიკელი ალეხანდრო გერერო დაამარცხა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები