Thumbnail

'მეცის 2 საუკეთესო მოთამაშე მეცში არ თამაშობს' - ფანები მიქაუტაძეზე და მაზიზზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გიორგი მიქაუტაძის სერენმა წლის პირველი მატჩი ჩაატარა - ლუქსემბურგში ადგილობრივ ესპერანჟს შეხვდნენ და 5:0 გაანადგურეს. ეს მატჩი მეცის წყვილის, ბელგიურ კლუბში განათხოვრებული მიქაუტაძისა და იუსეფ მაზიზის ბენეფისად იქცა. 28-ე წუთზე მიქაუტაძემ სწორედ მაზიზის პასით გახსნა ანგარიში - რიკოშეტის გამო, თავიდან მედიაში ეს გოლი ავტოგოლად ჩაიწერა. 59-ე წუთზე გიორგიმ დუბლი შეასრულა და სერენის მე-4 გოლი გაიტანა. საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე მაზიზი გახდა - 1 გოლითა და 3 საგოლე პასით. 

ჟან-ლუი გარსია (სერენის მწვრთნელი): "ჩემმა ფეხბურთელებმა დიდებულად ითამაშეს, ყველაფერი პოზიტიური იყო. სწორედ ასეთი შემართება მსურს სეზონის განმავლობაში. შაბათს მძიმე მატჩი გველის უნიონთან, რა თქმა უნდა, ის უკვე სხვა დონის ოპონენტია, მაგრამ ჯერჯერობით, ყველაფრით კმაყოფილი ვარ". 

მეცის ფანები, ფრანგული კლუბის წარუმატებლობის ფონზე, კვლავ ითხოვენ, მაზიზისა და მიქაუტაძის დაბრუნებას: "მეცის ორი საუკეთესო ფეხბურთელი, არ თამაშობს მეცში... მიქაუტაძეს ჟუპილერ ლიგაში 7 გოლი და 1 ასისტი აქვს, მაზიზს კი 6-6 გოლი და ასისტი, რა მაგარი დუეტია", წერს "ტვიტერზე" Globe Football Trotter. ThiebMell: "კლუბში აუცილებლად უნდა ილაპარაკონ ამაზე! გვყავდა იმედისმომცემი მოთამაშეები, ისინი გაქრნენ და სერენში თამაშობენ (მიქაუტაძე, მაზიზი), ზოგი სარეზერვო გუნდში დარჩა, ზოგი კი სკამზეა". narbe057: "რატომ არ ვიბრუნებთ მიქაუტაძეს და რატომ არ თამაშობს ჟოზეფი"?

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი მიქაუტაძემ 2021 წელს ოფიციალურ მატჩებში 15 გოლი გაიტანა, აქედან 14 სერენზე მოდის, 1 ეროვნულ ნაკრებზე. ის მეციდან იჯარით თამაშობს ბელგიურ კლუბში, ისევე, როგორც მისი მაროკოელი მეგობარი იუსეფ მაზიზი. წლის პირველ ოფიციალურ მატჩს სერენი 15 იანვარს ჟუპილერ ლიგის ლიდერ როიალ უნიონთან გამართავს.  

კომენტარები

ბოლო ამბები