Thumbnail
  • რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს სუსტი გუნდით ხვდება
  • ვლადიმირ პუტინი ამის გამო ძალიან ნერვიულობს

მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთი მუნდიალს ძალიან სუსტი გუნდით ხვდება. 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ცხადყოფს, რომ დიდი შანსია, რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდეს. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდის წარუმატებელ სერიას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა.

“სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს გუნდს ბოლო დროს კარგი შედეგები არ აქვს, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ გუნდი უდიდესი მონდომებით იასპარეზებს, თანამედროვე, საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს და ბოლომდე იბრძოლებს,” - თქვა პუტინმა და ამ განცხადებით ჩერჩესოვი და მისი გუნდი, თურქეთთან 1:1-ის შემდეგ წნეხის ქვეშ მოაქცია.

საუდის არაბეთთან გახსნით მატჩამდე ერთი კვირით ადრე, რუსეთის ნაკრების სისუსტის გამო მხოლოდ პუტინი როდი ნერვიულობს. რუსეთში დიდი ხანია, შიშობენ, რომ მათი გუნდი მუნდიალზე შერცხვება.

►  “რუსეთის ნაკრების თამაშისგან მცირე სიამოვნების მიღებაც კი შეუძლებელია. საუდის არაბეთთან მატჩამდე გუნდმა დაუჯერებელი პროგრესი უნდა განიცადოს,” - წერს “სოვეტსკი სპორტი”.

► “ეს იყო კატასტროფა, რომელიც შეიძლება კოშმარად გვექცეს. ყველაფერი ცუდადაა!” - ვკითხულობთ “სპორტ ექსპრესში”.

ჩერჩესოვის გუნდს 2018 წელს ერთი მატჩიც კი არ მოუგია, ზოგადად კი 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. რუსებმა გამარჯვება უკანასკნელად ოქტომბერში, სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში მოიპოვეს.

მუნდიალის ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ რუსეთში იმედი ჰქონდათ, რომ მათი გუნდი მერვედფინალში გასვლას მოახერხებდა, რადგან ურუგვაის გარდა, ჯგუფში საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან მოხვდნენ. ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსებს უკვე თვით საუდის არაბეთისაც კი ეშინიათ.

“თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, თურქეთთან უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე ავსტრიასთან. ჩვენ ნიუანსებზე უნდა ვიმუშავოთ. აი, ნახავთ, საუდის არაბეთთან სულ სხვანაირი, გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება,” - ეს სტანისლავ ჩერჩესოვის სიტყვებია. თუმცა მწვრთნელის ოპტიმისტური განწყობის აღარავის სჯერა - არც ფანებს და არც პუტინს, რომელსაც ძალიან არ უნდა, რომ რუსეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩეს.

სამედოვი და ჩერჩესოვი თურქეთთან მატჩის (1:1) დროს

“სანერვიულო არაფერია. ახლა ცოტას დავისვენებთ და მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ნუ ღელავთ, მწვრთნელმა საკმაოდ კარგად მოგვამზადა!” - ეს თურქეთის ნაკრების კარში გატანილი ბურთის ავტორის, ალეკსანდრ სამედოვის სიტყვებია.

მწვრთნელი და ფეხბურთელები ცდილობენ, ფანები და პუტინი დაამშვიდონ. საკითხავია, რეალურად ასე ფიქრობენ, თუ უბრალოდ სხვა გზა აღარ აქვთ...

კომენტარები

ბოლო ამბები