Thumbnail

ერ-რიადში "მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონზე" ესპანეთის სუპერ თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა - საუდის არაბეთში "ელ კლასიკო" ვიხილეთ, კარლო ანჩელოტის რეალი ჩავი ერნანდესის ბარსელონას დაუპირისპირდა - დამატებით დროში 3:2 მოუგო და სუპერთასის ფინალშია.

რეალმა ბარსას ზედიზედ მეხუთე მატჩი მოუგო და ეს 1965 წლის მერე ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "ელ კლასიკოზე" "სამეფო კლუბისთვის". 13 სუპერთასის მომგებმა ბარსამ გაიბრძოლა, ორჯერ გაათანაბრა, თამაში დამატებით დროშიც გადაიყვანა, მაგრამ 98-ე წუთზე ფედე ვალვერდეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.  

ბარსელონა რეალთან ლა ლიგაში უკვე 17 ქულას აგებს, ასე რომ, "სამეფო კლუბთან" დაპირისპირებისთვის მხოლოდ სათასო ბატალიები შერჩა. ჩავის გუნდში პირველად ვიხილეთ ფერან ტორესი, რომელმაც თავი დიდად ვერ გამოიჩინა და ჩავიმ ის შესვენებაზე გამოცვალა. ერიკ გარსიასა და გარეთ ბეილს თუ არ ჩავთვლით, გუნდებმა შეძლეს უძლიერესი შემადგენლობების გამოყვანა. 

ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო დუეტმა თავი გამოიჩინა - ქარიმ ბენზემას პასით ვინისიუს ჟუნიორმა რეალი დააწინაურა. 42-ე წუთზე მცველის შეცდომით ლუკ დე იონგმა ისარგებლა ბურთი ძელს მოარტყა და ისე გაიტანა. 

მეორე ტაიმში რეალის უპირატესობა აშკარა გახდა და 72-ე წუთზე ტერ შტეგენის გმირობებმა ბარსას ვეღარ უშველა, ქარიმ ბენზემამ რეალი დააწინაურა. მაგრამ 83-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ანსუ ფატიმ თავით გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 2:2. 

დამატებით პირველივე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ფედე ვალვერდემ რეალი მატჩში მესამედ დააწინაურა. ფინალის მეორე საგზურისთვის 13 იანვარს მადრიდის ატლეტიკო და ბილბაოს ატლეტიკი იბრძოლებენ.

ბარსელონა 2:3 (დ.დ.) რეალი

გოლები: 0:1 ვინისიუსი (25), 1:1 ლ. დე იონგი (42), 1:2 ბენზემა (72), 2:2 ფატი (84), 2:3 ვალვერდე (98)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში (78. ნიკო), არაუხო, პიკე, ალბა - ფ. დე იონგი (46. პედრი), ბუსკეტსი, გავი (78. დეპაი) - დემბელე, ლ. დე იონგი (66. ფატი), ფ. ტორესი (46. აბდე ეზალზული (110. ფ. ჟუტგლა))

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი (91. ვასკესი), მილიტაო, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი (82. ვალვერდე), კაზემირო, კროოსი - ასენსიო (68. როდრიგო), ბენზემა, ვინისიუსი (110. კამავინგა)

კომენტარები

ბოლო ამბები