Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო ისევ ქაოსი და გაურკვევლობაა.

ავსტრალიის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მოითხოვენ თუ არა დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულისთვის ვიზის გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა შედგა (სხვათა შორის, დაგვიანებით), ჯერაც უცნობია, მისცემენ თუ არა ნოლეს წლის პირველ დიდ სლემზე თამაშის უფლებას. ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრმა გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ პარასკევამდე გადადო.

მანამდე, პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ სწორედ ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა სერბი ტუნირზე, რომელიც 9-ჯერ აქვს მოგებული.

თუ დატოვებენ, კეჩმანოვიჩს შეხვდება

ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა თბილისის დროით დილის 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ერთსაათიანი დაგვიანებით ჩატარდა. ჯოკოვიჩი ტურნირის პირველ წრეში თანამემამულე მიომირ კეჩმანოვიჩს უნდა შეხვდეს, თუმცა, როგორც ვთქვით, ნოლეს ასპარეზობა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჯოკოვიჩმა ვარჯიში სულ რაღაც ნახევარ საათში შეწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორტზე მასთან ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო პანიჩი მივიდა და მობილური ტელეფონით რაღაც აჩვენა.

მედია: ავსტრალია ნოლეს დეპორტაციისთვის ემზადება

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობა ნოლეს დეპორტაციისთვის ემზადება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარასკევს უნდა ველოდოთ. ავსტრალიური გამოცემა The Age-ის ინფორმაციით, მინისტრი ალექს ჰოუკი გადაწყვეტილებას დღეს აღარ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა ორშაბათს იწყება.

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ვარჯიშობს, თუმცა წლის პირველ დიდ სლემზე თამაში განაღდებული ჯერაც არ აქვს. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს უფლება აქვს, მისი ვიზის გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები