Thumbnail

ისტორიული ოქრო! სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ჩემპიონია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სანდრო ბაზაძემ თბილისში გამართულ ტურნირზე ექვს მეტოქეს აჯობა
  • ის პირველი ქართველი მოფარიკავეა, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მას აქტივში უკვე ჰქონდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ოქრო კი პირველად მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

28 წლის ბაზაძემ საწყის ორთაბრძოლაში რუსი ოლეგ პეტროვსკი (15:8) დაამარცხა, შემდეგ კი, უნგრელი ჩანად გემეში (15:10), სამხრეთკორეელი ჯუნჰო კიმი (15:7) და იტალიელი ჯოვანი რეპეტიც (15:10) დაჯაბნა. ნახევარფინალში სანდრომ ფრანგ ბოლად აპიტის 15:10 სძლია. გადამწყვეტი ის მომენტი გამოდგა, როდესაც სანდრომ 5:6-ზე ზედიზედ 6 წარმატებული ჩხვლეტა განახორციელა.

ფინალში სანდრო ბაზაძემ რუს კამილ იბრაგიმოვს 15:8 მოუგო

ფინალში ბაზაძის პირისპირ რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი კამილ იბრაგიმოვი დადგა, რომელსაც ქართველმა მოფარიკავემ ძალიან დამაჯერებლად – 15:8 მოუგო. აღსანიშნავია, რომ სანდრომ ორთაბრძოლა მაგრად დაიწყო, თუმცა, 5:0-ზე ფეხის ტრავმა მიიღო და მეტოქემ ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. საბედნიეროდ, ბაზაძემ მობილიზება მოახერხა, ტრავმირებულმაც მაქსიმუმი გააკეთა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ამავე ტურნირზე მერვედფინალამდე მისვლა მოახერხა და იქ ამერიკელ ენდრიუ მაცკიევიჩთან 13:15 დამარცხდა ბექა ბაზაძე, დანარჩენი ქართველი მოფარიკავეები (ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკოლა რუსე, ვაჟა რეჭია, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე, ვახტანგ არჩვაძე) კი ტურნირს ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ.

ქართველ ქალთაგან საუკეთესო შედეგი თეოდორა კახიანი-მეკლინგს ჰქონდა

ქალთა მსოფლიო თასზე ქართველ მოფარიკავეთაგან საუკეთესო შედეგი ევროპის 2017 წლის ჩემპიონ თეოდორა კახიანი-მეკლინგს ჰქონდა, რომელმაც 16-ფინალამდე მისვლა შესძლო და იქ ფრანგ მანონ აპიტი-ბრუნესთან 9:15 წააგო. ადრეულადვე დაასრულეს ასპარეზობა ალექსანდრა კუვაევამ, ლიკა ჯიჯეიშვილმა და თამარ ჩარკვიანმა. ქალებში ჩემპიონი ფრანგი კეროლაინ ქეროლი გახდა.

ხვალ, თბილისის მსოფლიო თასზე ჩემპიონები გუნდურ ტურნირებში გაირკვევა. საქართველოს ვაჟთა ნაკრები შეჯიბრში საუდის არაბეთთან დაპირისპირებით ჩაებმება, ქართველი ქალი მოფარიკავეები კი ძალებს აზერბაიჯანთან სცდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები