Thumbnail

დუბლი გალათასარაისთან! საბა ლობჟანიძის ბენეფისი თურქულ გრანდთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჰატაისპორი 4:2 გალათასარაი | საბა ლობჟანიძემ სტამბოლელებს 2 გოლი გაუტანა
  • ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 6 საგოლე პასი მოუგროვდა
  • 27 წლის ნახევარმცველმა ბოლო 10 თვეში (3 მატჩში) გალათასარაის 4 გოლი გაუტანა

დუბლი სტამბოლის გალათასარაისთან! საბა ლობჟანიძემ თურქული ფეხბურთის გრანდთან ბრწყინვალედ ითამაშა.

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში ჰატაისპორმა გალათასარაი დაძაბულ მატჩში 4:2 დაამარცხა, მატჩის გმირი კი ქართველი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც თამაშის დასკვნით ნაწილში თავი ორჯერ გამოიჩინა.

საბამ თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და იმ დროისთვის ანგარიში 3:2 გახადა. აღსანიშნავია, რომ იქამდე, სტამბოლელები ორჯერ იგებდნენ (1:0, 2:1), მაგრამ მასპინძლებმა ორჯერვე გაათანაბრეს და მერე დაწინაურებაც მოახერხეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კი საბამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2. საბას რეალური საგოლე მომენტი პირველ ტაიმშიც ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა.


მატჩის შემდეგ ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა მეტოქის ნიდერლანდელი მარცხენა მცველის, პატრიკ ვან აანჰოლტის დაღლილობის ფაქტორს: "ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და მიხარია, რომ გოლები გავიტანე. ბედნიერი ვარ თურქეთის ერთ-ერთ უდიდეს გუნდთან გამარჯვებით. ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში პატრიკ ვან აანჰოლტი დაიღლებოდა და ეს გამოვიყენეთ. გამარჯვება გუნდური თამაშით მოვახერხეთ".

სხვათა შორის, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში გალათასარაის პირველ წრეშიც გაუტანა, თუმცა, მაშინ მისი გუნდი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თურქულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ 27 წლის ფეხბურთელი სწორედ "გალას" დაუკავშირა. გავიხსენოთ ისიც, რომ საბამ გალათასარაის გასულ სეზონშიც გაუტანა, როდესაც ანკარაგიუჯუში თამაშობდა.

საბამ გალათასარაის ზედიზედ სამ თამაშში გოლი გაუტანა

საერთო ჯამში, ლობჟანიძეს შედეგიანი სეზონი აქვს - თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 20 თამაშში უკვე 6 გოლი და 6 საგოლე პასი მოუგროვდა.

ჰატაისპორმა ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მაგრამ ლიდერ ტრაბზონსპორთან ჩამორჩენა ისევ დიდია - 15 ქულა. მომდევნო ტურში, 20 იანვარს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად ალანიასპორს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები