Thumbnail

'პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო' - ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახის განცხადება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიიდან დეპორტაციას მისი ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ და განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ საქმეში არა მარტო სპორტული, არამედ პოლიტიკური ინტერესიც იყო.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით და იმ ფაქტით, რომ ნოვაკმა ავსტრალია უნდა დატოვოს. ეს ამბავი არ ეხება მხოლოდ სპორტს და დიდი სლემის ტურნირში მონაწილეობას, რომელშიც ნოვაკი ბოლო ათწლეულში დომინირებდა. ეს ასევე ეხება პოლიტიკას და ყველა იმ ინტერესს, რომელიც ამ საკითხში აშკარად ჭარბობდა.

მიუხედავად ნოვაკის მიმართ სკანდალური ქცევისა, გვჯეროდა, რომ სპორტი გაიმარჯვებდა. ეს რთული პერიოდია, განსაკუთრებით ნოვაკისთვის. თუმცა, ჩვენ, როგორც მისმა ოჯახმა, მას უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი, ვიდრე ადრე ვუჭერდით. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით, რათა დავეხმაროთ დაიბრუნოს სპორტისა და სამართლიანი თამაშის მიმართ რწმენა. ვამაყობთ მისით, იმ სიძლიერით, რომელიც მან აჩვენა. გვჯერა, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდება", - ნათქვამია ჯოკოვიჩის ოჯახის განცხადებაში, რომელიც Telegraf.rs-მ გამოაქვეყნა.

ნოლეს ავსტრალიის დატოვება მაინც მოუწია

ოჯახის გარდა, ჯოკოვიჩის დეპორტაციაზე კომენტარი სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც გააკეთა, რომლის აზრითაც, მომხდარით ავსტრალიის ხელისუფლებამ თავი დაიმცირა:

"მათ ჰგონიათ, რომ ამ ქმედებებით ჯოკოვიჩი დაამცირეს. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს 10 დღე დასცინოდნენ, მაგრამ რეალურად თავი თვითონ დაიმცირეს. ჯოკოვიჩს შეუძლია თავის ქვეყანაში თავაწეული დაბრუნდეს და ყველას პირდაპირ თვალებში უყუროს", - თქვა ვუჩიჩმა.

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას პირველი სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. მას შემდეგ ნოლე მელბურნში ვარჯიშობდა და ემიგრაციის მინისტრის ალექს ჰოუკის გადაწყვეტილებას ელოდა. პარასკევს მან სერბის ვიზის გაუქმება და ქვეყნიდან დეპორტაცია მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შედეგად, ავსტრალიის ღია პირველობა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის გარეშე ჩაივლის.

კომენტარები

ბოლო ამბები