Thumbnail
  • 'გრან კანარიასთან მოგებულ მატჩში მთელი თავისი პოტენციალი აჩვენა'
  • ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ლენოვო ტენერიფეს ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინმა აღნიშნული ტურის მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის 20 ნოემბერს ჩაატარა, თუმცა, ვინაიდან ტურის ბოლო გადადებული შეხვედრა (ბრეოგანი-ხუვენტუტი) გუშინღა ჩატარდა, საუკეთესო კალათბურთელიც ახლა დასახელდა.

“გრან კანარიასთან მოგებულ მატჩში შერმადინმა მთელი თავისი პოტენციალი აჩვენა. ქართველი კალათბურთელი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა მეტოქეებისთვის, რომლებიც მის შეჩერებას ვერაფრით ახერხებდნენ. გიოს მიერ დაფიქსირებული საბოლოო ციფრები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს”, - წერს ACB ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ მე-11 ტურში ტენერიფელებმა დერბიში გრან კანარიას 98:89 სძლიეს, 32 წლის ქართველმა ცენტრმა კი 25 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა და თანაც, მხოლოდ 22:44 წუთში.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 7-ვე ორქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 10-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა, რაც მის პირად რეკორდს 1 ბალით ჩამორჩება.

სათქმელია ისიც, რომ შერმადინის მოედანზე ყოფნის პერიოდში, ლენოვო ტენერიფემ მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო, ხოლო იმ 17:16 წუთში როდესაც, გიო ისვენებდა, მასპინძლებს -5 ქულა ჰქონდათ.

შერმადინის გუნდს მორიგი შეხვედრა გუშინ ბექა ბურჯანაძის ბეტისის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, თამაში კოვიდ-რეგულაციების გამო გადაიდო. ლენოვო ტენერიფეს უახლოესი შეხვედრა 18 დეკემბერს ელის, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით თურქეთში ქარშიაქასთან ითამაშებს. ესპანურ კლუბს მერვედფინალის პირველი მატჩი 76:69 აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები