Thumbnail

სამი რამ, რაზეც გიგა ჭიკაძემ აუცილებლად უნდა იმუშაოს - რა გვიჩვენა ბოლო ჩხუბმა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • რა ტიპის სამუშაო უნდა გაწიოს გიგა ჭიკაძემ
  • მას გამძლეობასა და ხელით გაცვლებზე აქვს სამუშაო
  • პარტერმა პირველ რაუნდში ბრძოლა შეცვალა

გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან დამარცხდა. ეს იყო ბრძოლა, რომელიც ჭიკაძის სცენარით არ წარიმართა. გიგამ ხუთი რაუნდი იბრძოლა, თუმცა ნათელი იყო, რომ ბრძოლას მისთვის სასურველი მსვლელობა არ ჰქონდა. გიგას რეაბილიტაცია დასჭირდება და უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს, მანამდე კი მოკლე ანალიზის დროა. რა გვიჩვენა გიგას ჩხუბმა - რა მიმართულებით მოუწევს მას უფრო მეტი მუშაობა.

გამძლეობა

მახსოვს გიგას პირველი ბრძოლები UFC-ში. იქ ჭიკაძის პირველი რაუნდები ბევრად უკეთესი იყო ხოლმე, ვიდრე მომდევნო. პირველი რაუნდის შემდეგ მისი ფეთქებადობა და ინტენსიურობა კლებულობდა. მას შემდეგ, როგორც ჩანს, გიგამ კარდიოზე ბევრი იმუშავა. ზოგადად, ჭიკაძე ის მებრძოლია, რომელიც მუდამ პროგრესირებს. თუკი შევადარებთ მის პირველ და ბოლო ბრძოლებს UFC-ში, ჭიკაძის პროგრესი აშკარაა - ის სულ უფრო და უფრო უკეთესი მებრძოლი ხდებოდა.

თუმცა, ერთია გამძლეობა ფეხზე ბრძოლის დროს და მეორე - პარტერში. ეს ბრძოლის ორი სხვადასხვა ტიპია - სხვადასხვა კუნთები მუშაობს. ბევრი ამახვილებს ყურადღებას, რომ გიგამ კატართან ბრძოლის დროს პარტერში თავი კარგად დაიცვა. თუმცა, ფაქტია, რომ იმ სამმა წუთმა, რომელიც ჭიკაძემ პირველ რაუნდში პარტერში გაატარა, მთელი ბრძოლის დინამიკა შეცვალა. ამის შემდეგ გიგა ჩვეულად სახიფათო, აგრესიული და ფეთქებადი უკვე აღარ იყო. დაკარგა ბალანსი, კოორდინაცია, შენელდა და მისი დარტყმები ნაკლებად ზუსტი და ძლიერი გახდა. იმ სამმა წუთმა პარტერში გიგას ზედმეტად ბევრი ენერგია დააკარგვინა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ტექნიკურად კი კარგად დაიცვა თავი პარტერში, მაგრამ ამან მას იმდენი ენერგია წაართვა, რომ ფეხზე ადგომის შემდეგ უკვე სხვა მებრძოლი იყო.

ისე ჩანდა, რომ თითქოს ამ სამმა წუთმა გავლენა მის ფსიქოლოგიაზეც იქონია. შემდეგ რაუნდებშიც გიგა მუდამ ცდილობდა, რომ პარტერისგან თავი დაეცვა. კარგად დაიცვა კიდეც თავი 'თეიქდაუნებისგან', თუმცა ამისთვის ბევრი მოძრაობა მოუწია უკან და გვერდზე. კატარს უფრო ხშირად ოქტაგონის ცენტრი ეჭირა და გიგა მის გარშემო ბევრს მოძრაობდა, რათა ვიწრო სივრცეში, კუთხეში არ აღმოჩენილიყო. როდესაც გვერდზე და უკან ბევრი მოძრაობა გიწევს, ფეხით დარტყმა უფრო რთულია. ანუ, გიგას ამ დროს თავის ყველაზე სახიფათო იარაღზე მოუწია უარის თქმა.

გასაგებია, რომ გიგას სხვა ძლიერი მხარეები აქვს და პარტერი მისთვის ბრძოლის ყველაზე საყვარელი სცენარი არასოდეს გახდება. თუმცა, ამ კომპონენტში გამძლეობაზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს. ნამდვილი გიგა ჭიკაძე მხოლოდ პირველი ორი წუთი, პარტერამდე ვნახეთ. 

ხელით ბრძოლა

გიგას მთავარი და ყველაზე სახიფათო იარაღი მისი ფეხებია - ე.წ. 'გიგა ქიქები'. ამ კომპონენტში ის მთელს UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ედსონ ბარბოსასთან ბრძოლის დროს გიგას დარტყმების 21 პროცენტი სწორედ ფეხით შესრულდა. ჭიკაძემ გამოცდილ ბრაზილიელს ფეხით 15-დან 13-ჯერ ზუსტად დაარტყა. კატართან ბრძოლის დროს ფეხით დარტყმებმა მხოლოდ ხუთი პროცენტი შეადგინა. ანუ, ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე ეს ბარბოსასთან ბრძოლის დროს იყო.

ზუსტად, არ ვიცით, იყო ეს დაღლილობა, რაიმე ტიპის ტრავმა, თუ კატარის კარგი დაცვა - ფაქტია, რომ გიგამ მთელი ბრძოლის მანძილზე თავისი ყველაზე სახიფათო იარაღი, ფეხი, ვერ გამოიყენა. პირველ რაუნდში, პარტერის შემდეგ ის მეტოქესთან მხოლოდ ხელით გაცვლებში შედიოდა.

გიგას მეტოქეზე გრძელი ხელები აქვს, თუმცა დისტანციაზე მეტოქის დაჭერა ვერ მოახერხა. სტატისტიკურად თითქოს დიდი სხვაობა არ ყოფილა - კატარმა 144-ჯერ მოარტყა, გიგამ - 128-ჯერ. დაახლოებით იდენტური იყო ზუსტი დარტყმების პროცენტი - ორივე მათგანი 35-36 პროცენტით არტყამდა, თუმცა გიგამ მეტოქესთან შედარებით ბევრად დიდი ზარალი მიიღო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჭიკაძე მეტოქეს დისტანციაზე ვერ/არ იჭერდა, ახლო გაცვლებში კი დიდ ზარალს ნახულობდა.  დარტყმების 88 პროცენტი გიგას თავში მოხვდა (კატარს მხოლოდ - 73), თავად ზუსტი დარტყმების 99 პროცენტი გიგამ დისტანციიდან შეასრულა. ანუ ხელით, ახლო ბრძოლაში გიგა, ფაქტობრივად, ვერ ახვედრებდა, თვითონ კი დიდ ზარალს ნახულობდა. ხელით ბრძოლაზე, მით უმეტეს, ახლო გაცვლებში, მას მუშაობა მოუწევს. ჩხუბის დროს ყოველთვის შეიძლება ფეხების გარეშე დარჩე და ალტერნატიული იარაღიც საჭიროა.

ფსიქოლოგიური კომპონენტი და კარგი რეაბილიტაცია

შერეული ბრძოლები სპორტის სტანდარტული სახეობა არ არის. აქ ერთმა მარცხმა შეიძლება მთელი კარიერა დაგინგრიოს. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. გიგამ წარმოუდგენელი შინაგანი ძალა აჩვენა - წაგებულ სცენარში, როცა ყველაფერი მის წინააღმდეგ მიდიოდა, ხუთი რაუნდი გაძლო. ბრძოლის შემდეგაც გატეხილი კაცი არ ჩანდა. პირიქით, ყველას დაგვპირდა, რომ ეს მარცხი მის გამოცდილებად გამოდგება და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, ფსიქოლოგიურად კატართან ბრძოლამ გიგაზე გავლენა ვერ უნდა მოახდინოს.

ახლა რეაბილიტაციის დროა - პირველ რიგში, მან დაბრუნების ფორსირება არ უნდა მოახდინოს. ტრავმები კარგად უნდა მოიშუშოს, გეგმაზომიერი რეაბილიტაცია გაიაროს, თავის საბრძოლო ფორმაზე ბევრი იმუშაოს და ისე დაბრუნდეს.

მარცხის შემდეგ, მებრძოლები ხშირად რაღაცის დასამტკიცებლად დაბრუნებას აჩქარებენ ხოლმე. გიგამ ეს შეცდომა არ დაუშვას. როცა დაბრუნდება, ის მართლაც უკეთესი მებრძოლი უნდა იყოს. დასამტკიცებელი მას არავისთან არაფერი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები