Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გამოვა
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდებში 17 ფეხბურთელით გაემგზავრა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას ქალაქ გრონინგენში გამართავს.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც პლეი ოფის ორი საგზურისთვის ასევე იბრძოლებენ: ესპანეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდებში 17 ფეხბურთელით გაემგზავრა, სამატჩო განაცხადში კი 14 მოთამაშე იქნება. 

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე, გრონინგენის "მარტინი პლაზა" 22 იანვარს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ყველა მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" წარმოადგენს.

ნიდერლანდებში არსებული კოვიდრეგულაციების გამო ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე მაყურებელთა დასწრება სრულად შეიზღუდა. ჩემპიონატს მედიის წარმომადგენელთა მცირე რაოდენობა გააშუქებს.

ევრო 2022-ის მატჩები ამსტერდამსა და გრონინგენში პარალელურად შედგება. ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირის მოსაგებად წელს ნიდერლანდებში სულ 16 ნაკრები იბრძოლებს, ჩემპიონატი კი 19 იანვარს, სერბეთი-პორტუგალიის მატჩით გაიხსნება და 6 თებერვალს დასრულდება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

📅 22 იანვარი | ⌚ 17:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V აზერბაიჯანი

📅 26 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო

📅 29 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები