Thumbnail

მე-6 წაგება ჰაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინი ისევ უარყოფით ბალანსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი იაპონელ ჩიიოტაირიუს გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით დამარცხდა
  • ტოჩინოშინს 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველი სუპერტურნირი მოგებით კი გახსნა, თუმცა, მას მერე დადებით ბალანსზე გასვლას ვერაფრით ახერხებს.

ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს, დასავლეთისვე მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით დამარცხდა. 33 წლის იაპონელმა ორთაბრძოლა ძალიან ჭკვიანურად წარმართა: ქართველი მეტოქე ჯერ დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია, შემდეგ კი, მოულოდნელად დოჰიოსკენ დაქაჩა და ლევანმაც წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა.

ახლა, ტოჩინოშინს 5 მოგება და 6 მარცხი გააჩნია და ყველაფერი უნდა იღონოს, რათა ტოკიოში დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი სეკიტორი რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოჩნდება და შესაძლოა, სახელოვანი კარიერის დასრულებაზეც იფიქროს.

ცნობილია, რომ ჰაცუ ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება. ეს უკანასკნელი საშინელ ფორმაში იმყოფება და წლის პირველ სუპერტურნირზე ერთადერთი გამარჯვება აქვს. ქართველი სეკიტორის შანსებს ზრდის ისიც, რომ ის 31 წლის იაპონელს ურთიერთშეხვედრებში აშკარად სჯობნის – 9 მოგება, 2 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები