Thumbnail

შარლ ჟურდენი: თოფურია ადვილად ვერ გადამთელავს, მასთან ჩხუბი მიხარია

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

ილია თოფურია UFC-ში მე-4 ბრძოლას 23 იანვარს გამართავს. 24 წლის ქართველის მოწინააღმდეგე 26 წლის კანადელი სპორტსმენი შარლ ჟურდენი იქნება. აღსანიშნავია, რომ UFC-ის ილიასთვის მეტოქის პოვნა ძალიან გაუჭირდა - მოვსარ ევლოევის დაინფიცირების შემდეგ, თოფურიასთან ჩხუბი არავის სურდა, კანადელმა კი თანხმობა სიამოვნებით განაცხადა. ილიას MMA-ში 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. შარლ ჟურდენს კი 17 შეხვედრა აქვს გამართული - აქედაინ 12 მოიგო, 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

კანადელი მებრძოლი ილია თოფურიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ადგილობრივ ტელევიზია TSN-ს ესაუბრა. 

შარლ ჟურდენი: "ვერ ვიტყვი, რომ თოფურიასთან ბრძოლაზე დათანხმების მიზეზი პერსპექტიული მებრძოლის დამარცხების სურვილი იყო. დიდან საინტერესო ცხოვრება არ მაქვს - ვვარჯიშობ, ვჭამ, მძინავს, დროს ჩემ შეყვარებულსა და ძაღლთან ვატარებ - სულ ესაა. მოსამზადებელი შეკრების საჭიროება არ მქონდა. ცხადია, აჯობებდა ბრძოლის წინ უკეთესი გარემოებები ყოფილიყო, მაგრამ ეს არ მადარდებს, მე ჩხუბი მიყვარს. წინა ორთაბრძოლიდან ტრავმა ისევ მაწუხებს, მაგრამ არც ეს მადარდებს - მე მებრძოლი ვარ და ოქტაგონზე ყოფნა მსურს.

დიახ, ნამდვილად ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, რომელიც ილია თოფურიასთან ბრძოლას დათანხმდება, მაგრამ კარგ ფორმაში ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ, კარგი მეტოქე მყავს და რატომაც არა?! პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ეს ბრძოლა შედგება. როცა თანხმობა მივეცი, არც მჯეროდა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა. თოფურია ძალიან მაგარი მებრძოლია, ძლიერია, დიდი სახელი აქვს და მასთან ჩხუბი არავის უნდოდა, ჰოდა, მეთქი, მე მომეცით. ჩემზე მაღალი რეიტინგის მქონე ბიჭებმა ილიასთან ბრძოლაზე უარი თქვეს, მე კი ეს მახარებს. 

შარლ ჟურდენი

თოფურიას ბრძოლებს ბოლო დღეებში ვუყურებდი. მისნაირი მებრძოლები ძალიან მომწონს. ნამდვილად არ მესმის, ხალხი რატომ ფიქრობს, რომ უშანსოდ ვარ. დიახ, ის “მატადორია”, შენს გადათელვას ცდილობს, ძლიერად ურტყამს, ძირს მუშაობა კარგად შეუძლია, მაგრამ უფრო მეტად ჯიუ ჯიცუს იყენებს. UFC-ში ჩატარებული მისი სამივე ბრძოლა ვნახე, მაგრამ ძალიან ძნელია იმის წინასწარმეტყველება, ზუსტად რა შეუძლია. პირველ ჩხუბში ყოველთვის ემოციები ჭარბობს, მეორეში დეიმონ ჯექსონი გაანადგურა, მესამე ბრძოლაში კი სრულად ამოუცნობ ბიჭს ეჩხუბა და ფაქტობრივად, ერთი დარტყმით მოუგო. მისი ადრინდელი ჩხუბებიც ვნახე და ერთი რამ ძალიან მომეწონა - ცაციებთან პრობლემები აქვს.

'ილია თოფურიასთან ბრძოლას ბევრი არ დათანხმდებოდა. ძალიან ძლიერია და მისი ამიტომაც ეშინიათ'

ხალხი ამბობს, რომ ის დაუმარცხებელია და საშიში ამიტომაა. მე კი პირიქით, უფრო შემაშინებდა ისეთი მებრძოლი, რომელსაც 24 გამარჯვება და 10 მარცხი აქვს. ასეთი ბიჭები წაგებების მიუხედავად მაინც იბრძვიან, დიდი გამოცდილება და მყარი ხასიათი აქვთ. ილიას ჯერ ხასიათი არ უჩვენებია. თუნდაც მე, ყოველი ბრძოლის შემდეგ უკეთესი ვხდები, ზოგჯერ ვაგებ, ზოგჯერ ვიგებ, მაგრამ ჩხუბზე უარს არასდროს ვამბობ. ჩემი მეტოქისთვის საინტერესო ამიტომ უნდა ვიყო. თუმცა ბევრი ადამიანი ამ დაპირისპირებაში უიმედო აუტსაიდერად მიმიჩნევს და მათ გაკრიტიკებას არ ვაპირებ. 

ფავორიტებთან ბრძოლა ყოველთვის მიადვილდება, რადგან ნაკლებ ზეწოლას ვგრძნობ. ვიცი, საჭიროა ჩხუბი უბრალო დაპირისპირებად აღვიქვა და არა ისეთი მოვლენას, როგორადაც მას მედია წარმოადგენს. ჩემი წინა მოწინააღმდეგე, თუ თეიქდაუნებს არ ავიღებთ, სტილით ილიას ჰგავდა. მოკლე დროში (short notice) ზაბიტ მაგომედშარიპოვთან ჩხუბი რომ შემოეთავაზებინათ, უარს ვიტყოდი, რადგან ის ძალიან ორთოდოქსულად იბრძვის, სულ ჭიდაობს, მაგრამ ქართველი შემტევი ბიჭია, ძლიერი ხელები აქვს, მაგრად დარტყმა შეუძლია. მისი სტილი გავრცელებულია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რასაც აკეთებს, იმაში ძალიან ძლიერია და ამდენ ადამიანს მისი ამიტომ ეშინია. მგონია, რომ ყველაფერი კარგად მესმის. 

ვფიქრობ, ბოლო ბრძოლებში ილია უფრო თავდაჯერებული გახდა, ხელებს მეტად ენდობა და უფრო სახიფათოა, ვიდრე ადრე იყო. ეს ლოგიკურიცაა, ის იზრდება. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 24 წლის თუ იყო, სულ მცირე, ჩემი ტოლი (26 წლის) მაინც მეგონა და გაკვირვებული დავრჩი, რომ ასეთი ახალგაზრდაა. ნელ-ნელა ფიზიკურად ძლიერდება. UFC-ში პირველი ბრძოლის ჩატარების დროს შემართება არ აკლდა, მაგრამ პრობლემები შეექმნა. ახლა კუნთებსა და ძალას იყენებს, შტორმივით მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს. მე მზად ვარ ასეთი ჩხუბისთვის და საკითხი ამგვარად დგას - ან შეძლებ და პირველ რაუნდში დამანოკაუტებ, ან უპირატესობა ნელ-ნელა ჩემკენ გადმოვა.

ვიცი, რომ ის საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულია. არ გამოვრიცხავ, რომ მე ისე მიყურებდეს, ამ ბიჭს უპრობლემოდ გადავთელავო. მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, UFC-ში ადვილი ბრძოლები არ იმართება. ყველა ვინც აქ არის, ზედმეტად სახიფათოა. განსაკუთრებით ჩვენს წონაში, ძალიან ბევრ "მკვლელს" მაღალი რეიტინგი არ აქვს. შესაძლოა, სათანადოდ ვერ მაფასებდეს, მაგრამ ეს ჩემთვის უმნიშვნელოა, ოქტაგონზე გავალ და ბოლომდე დავიხარჯები.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: ილიასთან ბრძოლას დაწინაურებისთვის არ დავთანხმებულვარ. მინდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე ახალბედა ბიჭს ვეჩხუბო. გამარჯვებაზე მეტად ეს მახარებს, მსურს საკუთარი თავი ასეთ შეხვედრაში გამოვცადო. მინდა, კარგი ბიჭის წინააღმდეგ გავიმარჯვო, ძლიერად ვურტყა, ხმაური გამოვიწვიო. ყველაფერს, რაც შეიძლება გამარჯვებას ან წაგებას მოჰყვეს, უკვე დავეთანხმე," - თქვა შარლმა.

26 წლის კანადელ მებრძოლს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული - 3 მოიგო, 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ 3 მარცხიდან ჟურდენმა ნაადრევად მხოლოდ 1 დათმო, ისიც მეტოქემ ფეხი დაუჭირა. ახალგაზრდა სპორტსმენი კარიერაში ჯერ არასდროს დანოკაუტებულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები