Thumbnail

თბილისის გრანდ სლემის თარიღი ცნობილია - IJF-მა 2022 წლის კალენდარი დაამტკიცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს დედაქალაქი პრესტიჟულ ტურნირს 25-27 მარტს უმასპინძლებს
  • თბილისში გრანდ სლემი პირველად შარშან ჩატარდა, თუმცა, უმაყურებლოდ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2022 წლის კალენდარი დაამტკიცა, საიდანაც ვგებულობთ, რომ თბილისი ამჯერადაც უმაღლესი რანგის ტურნირს – გრანდ სლემს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს 25-27 მარტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ტურნირი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ გრან პრის სტატუსს ატარებდა, გრანდ სლემის რანგი კი 2021 წელს მიენიჭა, თუმცა, პირველი – ისტორიული შეჯიბრი იმან გააუფერულა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის ტრიუმფალურად წარიმართა და ჩვენი გუნდი 9 მედლით (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა, ალეკო მამიაშვილმა (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ.) დაისაკუთრეს.

ლაშა შავდათუაშვილმა შარშანდელ გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

როგორც აღვნიშნეთ, ამჯერად, თბილისის გრანდ სლემი მარტის ბოლოს ჩატარდება და იმედია, ამჯერად, მას მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით მაინც დაესწრება. 

წლევანდელი კალენდრის თანახმად, საერთაშორისო ძიუდო სტარტს 28-30 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაგეგმილი გრან პრით აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით წარსდგება.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 2-9 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება, წელი კი ტრადიციულად მასტერსით დასრულდება, რომელიც 16-18 დეკემბერსაა დაგეგმილი, ჩატარების ადგილი კი, ჯერჯერობით, უცნობია.

IJF-ის კალენდარი 2022

28-30 იანვარი: ალმადას გრან პრი (პორტუგალია)
5-6 თებერვალი: პარიზის გრანდ სლემი (საფრანგეთი)
17-19 თებერვალი: თელ ავივის გრანდ სლემი (ისრაელი)
25-27 მარტი: თბილისის გრანდ სლემი (საქართველო)
1-3 აპრილი: ანტალიის გრანდ სლემი (თურქეთი)
20-22 მაისი: ყაზანის გრანდ სლემი (რუსეთი)
4-6 ივნისი: დიუსელდორფის გრანდ სლემი (გერმანია)
24-26 ივნისი: ულან ბატორის გრანდ სლემი (მონღოლეთი)
8-10 ივლისი: ბუდაპეშტის გრანდ სლემი (უნგრეთი)
15-17 ივლისი: ზაგრების გრან პრი (ხორვატია)
2-9 ოქტომბერი: მსოფლიოს ჩემპიონატი (ტაშკენტი, უზბეკეთი)
21-23 ოქტომბერი: აბუ დაბის გრანდ სლემი (ემირატები)
4-6 ნოემბერი: ბაქოს გრანდ სლემი (აზერბაიჯანი)
3-4 დეკემბერი: ტოკიოს გრანდ სლემი (იაპონია)
16-18 დეკემბერი: მასტერსი (ადგილი უცნობია)

2022 is looking 🔥🤩 #SaveTheDates Swipe ➡️ to check out all the #WorldJudoTour events this year! Which competition...

Posted by IJF - International Judo Federation on Wednesday, January 19, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები