Thumbnail
  • პაფოსი 1:3 ანორთოსისი
  • საპასუხო მატჩი 3 თებერვალს გაიმართება

კვიპროსის თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა თამაში შეატრიალა და სტუმრად პაფოსთან 3:1 გაიმარჯვა. ქართველი მწვრთნელის გუნდი "ცალი ფეხით" თასის მეოთხედფინალშია. როგორც ხდება ხოლმე, მწვრთნელმა სათასო დაპირისპირებაში კარში გიორგი ლორია არ ჩააყენა. ის სათადარიგო იყო. ოთხივე გოლი ანორთოსისის ფეხბურთელებმა გაიტანეს, პირველი - საკუთარ კარში. 

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. პაფოსმა ჩვენზე უკეთ დაიწყო თამაში და დაწინაურდა. შემდეგ თამაშის მიმდინარეობა დავაბალანსეთ და მომენტებიც შეგვექმნა. როცა საპასუხო გოლი გავიტანეთ, ამოცანა გაგვიმარტივდა. ორი გოლიც მივაყოლეთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პირველი ნაბიჯი გადავდგით. ბიჭებს ვულოცავ, კარგ მეტოქეს მოვუგეთ, რომელიც შემთხვევით არ არის მაღალ პოზიციაზე ჩემპიონატში". 

ეს თემურ ქეცბაიას გუნდის ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა. ბოლო 6 მატჩიდან ანორთოსისმა 5 ოფიციალური მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ბოლოს ქეცბაია დამარცხებული 4 დეკემბერს დარჩა. 

საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი 3 თებერვალს გაიმართება. მანამდე კი გუნდი ჩემპიონატში ითამაშებს - 24 იანვარს აეკ-ს ესტუმრება, 29-ში ომონიას უმასპინძლებს. ანორთოსისი 25 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ამდენივე ქულა აქვს პაფოსს (მე-5). 

კომენტარები

ბოლო ამბები