Thumbnail

20 იანვარს (თბილისის დროით, 07:30-ზე), NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს ესტუმრება. ქართველი ცენტრის გუნდი საშინელ ფორმაშია. ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო (ბოლო 11-დან 1) და ლეიკერსთან შეხვედრას 4-მატჩიანი წაგებათა სერიით ეგებება. 

სამაგიეროდ, გოგას ჰქონდა ამერიკული კარიერის საუკეთესო მატჩი, კლიპერსთან შეხვედრაში მან 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ წარმატებით შეცვალა მაილს ტერნერი, რომელიც კვლავ ტრავმირებულია და კიდევ კარგა ხანს არ იქნება. დიდი ალბათობით, ბითაძე მის ნაცვლად სასტარტოში არ დადგება, მაგრამ სათამაშო დრო ლეიკერსთანაც მიეცემა.

გოგა ბითაძე: "მწვრთნელის მჯერა და მასაც სჯერა ჩემი შესაძლებლობების. ფიზიკურად მზად ვარ, რომ დაცვაშიც და შეტევაშიც აგრესიულად ვითამაშო. მოგების დროა". 

ამ თამაშის წინ გოგა ყურადღების ცენტრშია. წინასამატჩო პოსტერზეც, სწორედ ბითაძის ფოტოა. სხვათა შორის, ლეიკერსის ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა მუხლის ტკივილის გამო შეიძლება არ ითამაშოს. ენტონი დევისი ჯერაც ტრავმირებულია. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე NBA-ში მესამე სეზონია, რაც თამაშობს. ის მოედანზე საშუალოდ მხოლოდ 8:25 წუთს ატარებს - 3.1 ქულა და 2.3 მოხსნა.   

კომენტარები

ბოლო ამბები