Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 104:111 ინდიანა პეისერსი
  • მიუხედავად ტერნერის არყოფნისა, ბითაძე 3 წუთი ათამაშეს
  • ინდიანას გამარჯვება საბონისის და ლევერტის დამსახურებაა

ვინც იფიქრა, რომ იუტასთან გამარჯვების შემდეგ ლეიკერსი სწორ გზაზე დაბრუნდა, შეცდა. ლებრონ ჯეიმსი და კომპანია ისევ დამარცხდნენ - ამჯერად ინდიანა პეისერსთან, რომელსაც ამ შეხვედრამდე, ბოლო 11 მატჩიდან 10 წაგებული ჰქონდა.

ფრენკ ვოგელის მდგომარეობაც უფრო დამძიმდა. ლეიკერსის მწვრთნელი იძულებული იყო, ეყურებინა, როგორ დაკარგა მისმა გუნდმა მეორე ტაიმში თამაშზე კონტროლი. მართალია, ლებრონმა ისევ 30 ქულა ჩააგდო (11/22, 3/7 სამქულიანი) და 12 მოხსნაც ჰქონდა (5 ასისტიც), მაგრამ კალიფორნიელები ბოლო მეოთხედში თითქმის ვეღარაფერს ახერხებდნენ.

საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ ლეიკერსი 4 ქულით იგებდა, მაგრამ მერე კარის ლევერტმა და დომანტას საბონისმა მასპინძლები ყველანაირად დაჩაგრეს. ლიეტუველმა კალათბურთელმა (20 ქულა, 9/12, 12 მოხსნა, 10 პასი) სულაც სამმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება ლევერტს - მან თავისი 30 ქულიდან (12/16) 22 სწორედ ბოლო 12 წუთში ჩააგდო.

რაც შეეხება ინდიანას ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს - მიუხედავად მაილს ტერნერის არყოფნისა, გოგა მხოლოდ 3 წუთი ათამაშეს და ამ დროში 3 ქულის დაგროვება შეძლო. მან ერთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და ორიდან ერთი საჯარიმო. ბითაძეს სამქულიანი არ უსვრია, ჰქონდა 1 მოხსნა (დაცვაში) და 2 დაფარება, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.


საინტერესოა, რომ პირველ ტაიმში ლეიკერსი 15 ქულითაც კი იგებდა და იყო მომენტები, როცა ყველამ იფიქრა, რომ ლოსანჯელესელები თამაშს მარტივად მოიგებდნენ. რასელ ვესტბრუკს ბევრი მცდელობა ჰქონდა (14 ქულა, 5/17), მაგრამ მხოლოდ 3 ასისტი და ბოლო 4 წუთი სულაც სკამზე გაატარა. ლეიკერსიდან საუკეთესო ტეილენ ჰორტონ-ტაკერი გახლდათ 20 ქულით (9/14) და 7 პასით.

45 მატჩის შემდეგ, 22 გამარჯვებითა და 23 მარცხით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ინდიანას 16 მოგება და 29 წაგება აქვს - ბითაძის გუნდი აღმოსავლეთში მე-13 პოზიციაზეა და პლეი ოფში გასვლა ძალიან გაუჭირდება. პეისერსს მომდევნო მატჩი ხვალ გამთენიისას, გოლდენ სტეიტთან ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები