Thumbnail

დენვერ ნაგეთსი პლეი ოფისთვის ბრძოლას აგრძელებს და ეს პირველ რიგში ნიკოლა იოკიჩის დამსახურებაა. ლოს ანჯელეს კლიპერსთან ოვერტაიმი სერბი კალათბურთელის შესაძლებლობების კიდევ ერთი ფანტასტიკური დემონსტრირება გახლდათ. იოკიჩს კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე ჰქონდა, თუმცა გეიმვინერი აარონ გორდონს დარჩა, რომელმაც სერბის სრულყოფილი პასი სულ ბოლოს უნაკლოდ დააგვირგვინა.

ეს იოკიჩისთვის მე-10 ასისტი გახლდათ, რითაც მან სამმაგი დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, მის აქტივში 49 ქულა (16/25, 14/16 საჯარიმო და 14 მოხსნა 41 წუთში) დაგროვდა. მხოლოდ ოვერტაიმში მან 11 ქულა ჩააგდო და 5 მოხსნა გააკეთა.

კლიპერსმა საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მოპოვებული 8-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ლოსანჯელესელები ამ ფაზაში ზედმეტად იყვნენ დამოკიდებულები რეჯი ჯეკსონზე, რომელმაც 28 ქულით და 12 პასით კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ბოლოს ცოტათი აღარ გაუმართლა, როცა სირენასთან ერთად ნასროლი სამქულიანი ცენტრიდან თითქოს ვარდებოდა, მაგრამ კალათიდან ამოვარდა…

კლიპერსის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ივიცა ზუბაცი გახლდათ, რომელმაც 32 ქულით (15/19) და 10 მოხსნით კარიერის ახალი საუკეთესო შედეგი დადო. თუმცა იოკიჩთან მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. დენვერიდან, იოკიჩის გარდა, კარგი მატჩი ჰქონდათ გორდონს (28 ქულა, 10/16) და მონტე მორისს (19 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი).

43 მატჩის შემდეგ, 23 გამარჯვებითა და 20 მარცხით დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, კლიპერსს კი 22 მოგება და 24 მარცხი აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები