Thumbnail

მანჩინის გაათავისუფლებენ? პრეზიდენტი გრავინა არაფერს გამორიცხავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რობერტო მანჩინის მომავალი პლეი ოფის მატჩებში გადაწყდება
  • ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებს წინ რთული გამოწვევა ელოდება
  • გაბრიელე გრავინამ სერია A-ს ფორმატის ცვლილებაც დააანონსა

გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია - ეს საკუთარ თავზე, შესაძლოა, რობერტო მანჩინიმ გამოცადოს. 57 წლის სპეციალისტმა გასული წლის ზაფხულში იტალია ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა, მაგრამ ახლა შეიძლება გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდეს.

მანჩინის "სკუადრა აძურა" 2026 წლამდე ჰყავს ჩაბარებული, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა არ გამორიცხავს, რომ რობერტოს, წარუმატებლობის შემთხვევაში, პოსტის დატოვება მარტში მოუწიოს.

"ცოტა სკეპტიციზმი არსებობს, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას ერთად მივიღებთ. მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. კიეზას ტრავმა მაშინებს და ძალიან ვწუხვარ: თითქოს ბედი ევროპის ჩემპიონატის მოგების გამო საფასურს გვახდევინებს. მანჩინის ძლიერი გუნდი ჰყავს და მაქსიმალურად იყენებდა ფეხბურთელებს, რომელთაც მას ჩვენი ჩემპიონატი აწვდიდა. რა ბედი ელის თუ მუნდიალზე ვერ გავალთ? სიტუაციას ერთად შევაფასებთ, მაგრამ მანჩინის მომავალი დამოკიდებული მხოლოდ ერთ შედეგზე არაა. არ დაგვავიწყდეს, რომ მან იტალიის ნაკრების იმიჯი აღადგინა", - თქვა გრავინამ "კორიერე დელო სპორტთან" ინტერვიუში.

ჯორჯო კიელინი, რობერტო მანჩინი, გაბრიელე გრავინა და იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა

ამის შემდეგ იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სერია A-ში პლეი ოფის სისტემის შემოღება იგეგმება, რაც გულისხმობს, რომ ჩემპიონის ვინაობა არა რეგულარული სეზონით, არამედ პლეი ოფების მეშვეობით გაირკვევა, თუმცა, ზუსტად როგორი იქნება და როდიდან გამოცდიან ახალ ფორმატს, ჯერჯერობით უცნობია:

"დადგა დრო, რომ სერია A-ში პლეი ოფის სისტემა გამოვცადოთ. 90-იან წლებში არავის სჯეროდა, რომ გამარჯვებისთვის 3 ქულის მინიჭება წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ამ ცვლილებამ იმუშავა. პლეი ოფები ლეგა პროსა და სერია B-ში წარმატების გარანტიაა. შეცდომა იქნება თუ მას სერია A-შიც არ გამოვცდით", - აღნიშნა მან.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ცუდად ითამაშა და შვეიცარიას პირველობა დაუთმო. შედეგად, "სკუადრა აძურას" ზედიზედ მეორედ მუნდიალს მიღმა დარჩენის რეალური საფრთხე ემუქრება. იტალია პლეი ოფის ნახევარფინალში 24 მარტს, პალერმოში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში პორტუგალიას ან თურქეთს სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები