Thumbnail
  • ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დემბელეს უშვებს
  • ფრანგს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ ახლავე გაყიდიან

ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცხადი იყო ის, რაც ახლა ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა: “უსმან დემბელეს და მის აგენტს ვაცნობეთ, რომ ახლავე უნდა წავიდეს, რადგან გუნდისთვის უფრო გამოსადეგი და ჩართული მოთამაშეები გვინდა და რომ ტრანსფერი 31 იანვრამდე უნდა განხორციელდეს,” - განაცხადა მატეუ ალემანიმ. მისივე თქმით, ბარსას სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებულია, რომ დემბელეს “განაცხადში აღარ შეიყვანენ”.

შესაბამისად, დემბელე არც ბილბაოს ატლეტიკთან სათასო მატჩის განაცხადშია. კატალონიური გრანდის ფორმით მისი ბოლო თამაში რეალ მადრიდთან ელ კლასიკო გახლდათ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში.

დემბელეს ბარსელონასთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და იმისათვის, რომ მისი წასვლით ფინანსური სარგებელიც ნახონ, კატალონიელებს 24 წლის ნახევარმცველის ახლავე, 31 იანვრამდე გაყიდვა სურთ. როგორც ირკვევა, დემბელეს გადაბირებით ნიუკასლია დაინტერესებული.

სპორტულმა დირექტორმა ალემანიმ ესეც თქვა: უსმანთან და მის აგენტებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ივლისში დავიწყეთ. საუბრები 6-7 თვე გრძელდებოდა, ბარსელონამ მას რამდენიმე წინადადებით მიმართა საიმისოდ, რომ ჩვენთან დარჩენილიყო, მაგრამ აგენტები ყველაფერზე უარს ამბობდნენ. ახლა კი 20 იანვარია და უკვე ცხადია, რომ ამ ფეხბურთელს ბარსელონაში თამაში არ სურს.”

უსმან დემბელე კატალონიურ გრანდში 2017 წელს, დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა. ბარსას ეს ტრანსფერი მაშინ 140 მილიონი ევრო დაუჯდა. დემბელემ მას შემდეგ ბარსელონაში 129 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა, თუმცა “ნოუ კამპის” პუბლიკას ის პირველ რიგში ტრავმების და უდისციპლინობის გამო დაამახსოვრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები