Thumbnail

ინდიანა პეისერსს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე იცავს, პრობლემები მოუმრავლდა. გუნდს უკვე ტრავმირებული ჰყავდა ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი, დღეს დილით, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (111;104) კი, კიდევ ერთი წამყვანი “მაღალი” დომანტას საბონისი დაშავდა.

ლიეტუველმა მძიმე ფორვარდმა ტრავმა ბოლო მეოთხედის შუაწელს მიიღო. საბონისი მოხსნაზე იბრძოდა, როდესაც რასელ ვესტბრუკის ფეხზე დაეცა და მარცხენა კოჭი გადაიბრუნა. დომანტასს ტკივილი აშკარად აწუხებდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში გუნდი არ დააღალატა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მან დარჩენილ დროში უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა: 20 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.

“მას კოჭის მყესები აქვს დაჭიმული. როგორც სჩანს, ტრავმა უმიშვნელო არაა”, - განაცხადა საბონისზე საუბრისას ინდიანელთა მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა. პროგნოზის გაკეთება გაუჭირდა თავად ლიეტუველ კალათბურთელსაც, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი მკურნალობის ხარჯზე თამაშს უკვე მომდევნო მატჩშივე შესძლებს.

ცნობისთვის, პეისერსი ხუთმატჩიან საგარეო ტურნეზე იმყოფება და სტუმრად მე-3 მატჩი ხვალ დილით გოლდენ სტეიტში ელის, შემდეგ კი, ფენიქსსა (23) და ნიუ ორლეანში (25) უნდა ითამაშოს. თუკი საბონისმა ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა და ინდიანას სამწვრთნელო შტაბმა კიდევ რაიმე ნოვაციას არ მიმართა, ბითაძეს სოლიდური სათამაშო უნდა მიეცეს. იგივე აზრი განავითარა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მალკოლმ ბროგდონმა.

“სიტუაციისდა მიხედვით მოქმედება მოგვიწევს. თუკი საბონისს გარკვეული დრო გაუცდება, გოგა და აიზეა (ჯეკსონი) გვყავს და ისინი უნდა გავააქტიუროთ. ვეცდებით, მათი ფაქტორი გამოვიყენოთ”.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი პეისერსში უკვე მე-3 სეზონს ატარებს, კარიერის საუკეთესო მატჩი კი სულ ახლახანს ჰქონდა, როდესაც ლოს ანჯელეს კლიპერსს 17 ქულა ჩაუგდო. ამ შედეგიანი თამაშისა და ტერნერის ტრავმის ფონზე, იყო მოლოდინი, რომ გოგა დღეს, ლეიკერსთანაც სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებდა, თუმცა, მხოლოდ 3 წუთი დაუთმეს, რა დროშიც 3 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები