Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში 22 იანვარს, აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა ირაკლი თოდუამ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ასათიანმა თქვა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარდგენა მათთვის სიამაყის საფუძველია და ჯგუფიდან გასასვლელად მაქსიმუმს გააკეთებენ.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "რასაკვირველია, სიამაყის განცდის მეტი არაფერი გვეუფლება, როდესაც ასეთ ტურნირზე ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ.

ჩემი აზრით, აზერბაიჯანი იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე მოთამაშის არყოფნა არ დაეტყობათ. ჩვენი ინფორმაციით, მეტოქე სრული საბრძოლო შემადგენლობით ემზადება, მე უფრო მეტი აქცენტი ჩემს გუნდზე მაქვს გაკეთებული, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და მხოლოდ იმის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანს რომელიმე მოთამაშე გამოაკლდება".

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება
📸 | ფოტოები: nakrebi.ge

ასათიანის გარდა, პრესკონფერენციაზე კომენტარი ირაკლი თოდუამ გააკეთა, რომელმაც მატჩის წინ ორივე გუნდის შანსი თანაბრად შეაფასა:

ირაკლი თოდუა: (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "პირველი თამაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ორმაგად რთული და მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია, აზერბაიჯანი კი ბოლო წლებში მუდმივად მონაწილეობს, მაგრამ ხვალინდელ თამაშში შანსებს თანაბრად შევაფასებდი. მნიშვნელოვანია, რომ კარგი სტარტი გვქონდეს და შემდეგ უკვე მომდევნო მატჩებზე ვიფიქრებთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. D ჯგუფში აზერბაიჯანის გარდა, ასათიანის გუნდს ესპანეთისა და ბოსნია/ჰერცეგოვინასთან მოუწევს დაპირისპირება, 1/4-ფინალში კი ორი საუკეთესო გუნდი გავა.

საქართველოს მატჩების განრიგი

📅 22 იანვარი | ⌚ 17:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V აზერბაიჯანი

📅 26 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო

📅 29 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა
საქართველო V ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები