Thumbnail

‘ფორმულა 1-ში ბევრი სიბინძურეა!’ - რაიკონენი ბედნიერია, რომ წავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კიმი რაიკონენმა ფორმულა 1-ის სამყარო სასტიკად გააკრიტიკა
  • ლეგენდარული ფინელი ბედნიერია, რომ დიდი სპორტიდან წავიდა

ფორმულა 1-ში 20 წელზე მეტი იყო და 349 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რაც რეკორდია. ახლა კი, ლეგენდარულმა კიმი რაიკონენმა კარიერა დაასრულა, მაგრამ ამბობს, რომ “დიდი ცირკი” არ მოენატრება. პირიქით! Autosport-თან ინტერვიუში ფინელმა ფორმულა 1-ის სამყარო სასტიკად გააკრიტიკა.

“ფორმულა 1-ში ბევრი რამ “ფეიკია”. კარგია, რომ ამ სიყალბეში ყოფნა აღარ მომიწევს. მენტალური თვალსაზრისით ძალიან მიხარია, რომ ის ბევრი სიბინძურე უკან მოვიტოვე,” - აცხადებს 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ინტერვიუში, რომელიც მისი ბოლო რბოლის წინ ჩაიწერა და ახლა გამოქვეყნდა.

“ზუსტად ვიცი, რაც უნდა მიხაროდეს ახლა, როცა იქ აღარ ვიქნები, - ამბობს 42 წლის ფინელი და დასძენს: “ფორმულა 1-ში იმაზე გაცილებით მეტი საზიზღრობა ხდება, ვიდრე გარედან ჩანს.”

'მე ასეთებში არასდროს ჩავრეულვარ - მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რაც ხდება.'

კითხვაზე, კონკრეტულად რა არის ის, რის გამოც ავტოსპორტის ელიტარულ სახეობას აკრიტიკებს, ფინელი ამომწურავად აღარ პასუხობს: “ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს. ისეთ რაღაცები ხდება, რაც ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს - არც ფორმულა 1-ში და არც სხვაგან. ფულმა ნამდვილად ბევრი რამ შეცვალა, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობებში. რაც უფრო მეტი ფულის ინვესტირება ხდება, მით უფრო პოლიტიკური ხდება სპორტი. ადამიანები ძალაუფლებას ესწრაფვიან.”

თავად რაიკონენს ასეთი რაღაცები არასდროს აინტერესებდა: “პირადად მე ასეთებში არასდროს ჩავრეულვარ - მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რაც ხდება. ყოველდღე ასეთებზე ფიქრი ჩემთვის კარგი ნამდვილად არ იქნებოდა. არაჯანსაღი პროცესებია.”

ხსენებულ ინტერვიუში ფინელი იმასაც ამბობს, რომ 2001 წელს, როცა ფორმულა 1-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა, სულ სხვა განწყობა ჰქონდა და ყველაფერი სხვანაირად იყო: “მაშინ არაფერი იყო ისე, როგორც დღესაა.”

კიმი რაიკონენი 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ეს ფერარის პილოტის დღემდე ბოლო ჩემპიონობაა. მოგვიანებით მოტივაციის პრობლემები ჰქონდა, 2010 და 2011 წელს რალიში ასპარეზობდა და ფორმულა 1-ში 2012 წელს დაბრუნდა. Iceman-ად წოდებულს კარიერაში 21 გრანპრი აქვს მოგებული, 18-ჯერ მოიგო პოული და 103-ჯერ იყო პოდიუმზე. კიმი ორი შვილის მამაა და ბედნიერია, რომ ამიერიდან მათ მეტ დროს დაუთმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები