Thumbnail

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს 6 თებერვალს "მიხეილ მესხზე" იწყებს, მეტოქე პორტუგალიაა, რომლისთვისაც "ბორჯღალოსნებს" 7 წელიწადია, რაც არ უმასპინძლიათ. ეს ტურნირი 2023 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო შეჯიბრიც არის, თუმცა საქართველოს ნაკრებს თითქმის განაღდებული აქვს საგზური, განსხვავებით პორტუგალიისგან, რომელსაც დიდი ბრძოლები ელის წინ. 

მსოფლიოს თასის ოფიციალურ საიტს პორტუგალიელთა 10-მა ნომერმა ჟორჟე აბეკასისმა ინტერვიუ მისცა. პორტუგალია დღეისათვის საკვალიფიკაციო ტურნირში მე-3 ადგილზეა, "ლობუში" რეალურად "ევროპა 2-ის" საგზურისთვის იბრძოლებს.

"კარგია, რომ რთული მატჩებით ვიწყებთ, საქართველოს გარდა, ესპანეთთან გასვლით, რაც ასევე მაგარი მატჩი უნდა იყოს. ჩვენი მიზანი თამაშიდან თამაშზე იქნება კონცენტრირებული. საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, თუნდაც ეს საქართველოსთან საგარეო მატჩი იყოს. საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება, იქნება ზეწოლა, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვის - უნდა ვიგრძნოთ, რომ მსოფლიოს თასის საგზურისთვის ვიბრძვით".

2021 წელს რაგბი ევროპის ელიტას დაბრუნებული პორტუგალია მხოლოდ საქართველომ და რუმინეთმა დაამარცხა. პორტუგალიელთა 24 წლის ლიდერს მიაჩნია, რომ პატრის ლაჟისკეს ხელში ძალზე რეალურია, რომ 16-წლიანი პაუზის შემდეგ, პორტუგალია მსოფლიოს თასზე გავიდეს:

"ჩემი აზრით, მთავარია, თავად ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. შარშანდელი სეზონის წინ არავის სჯეროდა ჩვენი, მაგრამ შედეგი დავდეთ. არავინ ელოდა, რომ ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც საქართველოა კარგად ვეთამაშებოდით. ახლა უფრო რთული იქნება, რადგან რუმინეთი, ესპანეთი და, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან ძლიერი გუნდებია. ჩვენ კი წლეულს შარშანდელზე უკეთესი შედეგების ჩვენება გვსურს". 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ნაკრებმა ხუთივე შეხვედრა მოიგო, პორტუგალიამ კი 3 მოიგო და 2 წააგო. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან 22-ჯერ ითამაშა, აქედან 16 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.  

კომენტარები

ბოლო ამბები