Thumbnail
  • ფენიქს სანზი 113:103 ინდიანა პეისერსი
  • მილოუკი ბაქსი 133:127 საკრამენტო კინგსი
  • გოგა ბითაძემ პარკეტზე 35 წუთი გაატარა და NBA-ში მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა

დღეს, 23 იანვრის გამთენიისას გოგა ბითაძემ NBA-ში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრის გუნდი ინდიანა პეისერსი გასვლაზე ფენიქს სანზთან 103:113 დამარცხდა, გოგამ კი პარკეტზე 35 წუთი გაატარა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ინდიანას სასტარტო 5-ეულში მყოფმა ქართველმა საკუთარ გუნდს 16 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა. ამას გარდა, 2 ასისტი და 1 ბლოკიც მიითვალა. გოგამ 11-დან 6 ორქულიანი ზუსტად ისროლა, 3 სამქულიანი კი ააცილა. ბითაძემ 6 საჯარიმოდან 4 გამოიყენა.

ინდიანას რიგებში გოგაზე 1 ქულით მეტი კრის დუარტემ და ლენს სტივენსონმა დააგროვეს - ორივემ ფენიქსის კალათაში 17-17 ქულა ჩააგდო. მასპინძელთა შორის კი საუკეთესო მიკალ ბრიჯისი 23 ქულით იყო.

ინდიანა 17 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 (ბოლოდან მესამე) ადგილს იკავებს. მომავალ შეხვედრაში ინდიანაპოლისელები გასვლაზე ნიუ ორლეან პელიკანსს დაუპირისპირდებიან. თამაში 25 იანვარს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მილოუკი ბაქსის რიგებში საკრამენტოსთან 133:127 მოგებულ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა ამ დროში ბურთი ერთხელ ჩაჭრა, მეტოქის ფარს კი არ დამუქრებია. 

სანდრო მამუკელაშვილის მილოუკი ბაქსი კი 30 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გახლავთ. NBA-ის მოქმედი ჩემპიონები მომდევნო მატჩს გასვლაზე კლივლენდ კავალიერთან 27 იანვარს გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები