Thumbnail
  • გიორგი შერმადინმა მურსიასთან 10 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა
  • თად მაკფადენმა 3 სამქულიანი ჩააგდო და 11 ქულა მიითვალა
  • ბექა ბურჯანაძემ მხოლოდ 5 წუთი ითამაშა, ბეტისმა ისევ წააგო

ესპანეთის ACB ლიგის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე სტუმრად თად მაკფადენის მურსიას დაუპირისპირდა. თამაში დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა 88:86 მოიგეს. კანარიელებმა შეხვედრის დასკვნით ნაწილში მოახერხეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მანამდე მურსიას უპირატესობა უფრო სოლიდური იყო. ეს ლენოვო ტენერიფესთვის ზედიზედ მე-4 წაგებაა.

გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 30 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 11-დან მხოლოდ 4 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14 იყო.

თად მაკფადენმა 21 წუთში 11 ქულა ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა და 2 პასი დაუმატა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, რის შედეგადაც, მარგი ქმედების კოეფიციენტი 3 აღმოჩნდა.

ლენოვო ტენერიფე 8 მოგებით და 7 წაგებით მე-9 ადგილზეა და 27 იანვარს სან პაბლო ბურგოსს დაუპირისპირდება. მურსია მე-4 პოზიციას იკავებს (10-6) და 26 იანვარს, სარაგოსას გაეჯიბრება, თუმცა კი, დღევანდელი გამარჯვებით სამეფო თასზე თამაშის უფლება გაინაღდა.

თად მაკფადენის მურსიამ ესპანეთის თასზე თამაში გაინაღდა

მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის ბეტისმა სევილიაში ბილბაოს უმასპინძლა და 71:88 წააგო. ანდალუსიელებმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგეს, მაგრამ მე-3 პერიოდი ბეტისმა საშინლად ჩაატარა, 14:33 დათმო და შემდეგ სიტუაცია ვეღარ გამოასწორა.

ბურჯანაძემ პარკეტზე 5:41 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 3 გამოვიდა. ბეტისს ცუდი სეზონი აქვს, 3 გამარჯვებით და 13 წაგებით ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 თებერვალს, ბრეოგანს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები